რა პოზიციები არსებობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით

შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. 

გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც მკურნალობენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს. აქვს ინტენსიური მოვლის და გადაუდებელი დახმარების განყოფილებები. პანდემიის დროს საავადმყოფოს ერთი ნაწილი კოვიდკლინიკად გადაკეთდა, აქვე მოეწყო ვაქცინაციის პუნქტიც, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაა შესაძლებელი.

ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ 11 ნოემბერს გაცხადებული პოზიცია, რომლის თანახმადაც, იგი მზად იყო შიმშილობის შესაწყვეტად მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნებოდა გორის ჰოსპიტალი. სახალხო დამცველისგან ცნობილია ისიც, რომ მან 19 ნოემბერს შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს, განეხილა ყველა ალტერნატივა, მათ შორის - გორის ჰოსპიტალიც.

იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. მან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე იშიმშილა პარლამენტის შენობაში. ხოშტარია თვლის, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მიიღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის საკითხმა რამდენჯერმე გაიჟღერა. პირველად სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ახსენა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის #12 საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა. 1 ნოემბერს, ნიკა გვარამიამ მედიას უთხრა, რომ ჰქონდათ არა მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას ხელისუფლება გორის სამხედრო ჰოსპიტალში გეგმავდა, არამედ შიშიც იმისა, რომ იქ პროვოკაცია მოხდებოდა.

„შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება”, - თქვა 1 ნოემბერს ნიკა გვარამიამ.

„ჩვენი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს იმ კერძო კლინიკაში, სადაც ზოგადად ხდება პატიმრების გადაყვანა, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს აქვს ხელშეკრულება. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს კლინიკა, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების რისკებთან”, - თქვა იმავე დღეს სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ადვოკატებს განცხადებით უპასუხა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა არ იგეგმებოდა.

8 ნოემბერს სააკაშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ რუსთავიდან გლდანის ციხის კლინიკაში გადაიყვანეს და მომდევნო დღეებში ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ აქ სააკაშვილს შეეძლო მიეღო ყველა ის სამედიცინო მომსახურება, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად იყო საჭირო. 8 ნოემბერს, სანამ გაირკვეოდა, სად იყო რუსთავიდან გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი, მალხაზ ურთქმელიძე ამბობდა, რომ მზად იყო ნებისმიერი პაციენტის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებადაც.

15 ნოემბერს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ილაპარაკა ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გადაყვანის თემაზე გაიმართა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მასთან შეხვედრისას თანახმა იყვნენ, გადაეყვანათ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა მოგვიანებით, საჯარო განცხადებებში ეს საკითხი მანიპულაციის საგნად აქციეს. კუჭავას განცხადების პასუხად, „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ეს შეხვედრა 8 ნოემბერს გაიმართა, სწორედ იმ დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ რუსთავიდან თბილისში, გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკაში მოტყუებით გადმოჰყავდათ და კუჭავამ ამ შეხვედრაზე, ხაზარაძის მტკიცებით, თავად ახსენა გორის სამხედრო ჰოსპიტალი, როგორც ერთ-ერთი შესაძლებლობა.

ასევე ნახეთ ვის ხელშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა? - რაც ვიცით

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყოფშიძემ თქვა, რომ მას ჰქონდა ყოფილ პრეზიდენტთან საუბარი გორის სამხედრო ჰოსპიტლის შესახებ. ექიმი თვლის, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის ის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ.

„პრეზიდენტმა მკითხა გორის ჰოსპიტლის შესახებ. მე მივეცი მას რჩევა, რომ გორის ჰოსპიტალზე უარი თქვას, რამე რომ იყოს. გორის ჰოსპიტლის აშენებაში ვმონაწილეობდი მეც. მე კი არ ვაშენებდი, რასაკვირველია, მაგრამ - შექმნა-დაგეგმარებაში. გორის ჰოსპიტალი არის მშვენიერი ჰოსპიტალი, ძალიან კარგად იმუშავა 2008 წლის ომის დროს, ჩემი მეგობარი, პროფესორი გვასალია იყო მაშინ დირექტორი. ბრწყინვალედ იმუშავეს, მაგრამ გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი ასეთი ავადმყოფებისთვის“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილს სჭირდება მრტ-ის ჩატარება, რაც ციხის საავადმყოფოში არ არის

იუსტიციის მინისტრის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების ფონია 18 ნოემბერს გლდანის ციხეში მომხდარი ინცინდენტი - ადვოკატებთან შეხვედრის დასრულებისას ყოფილმა პრეზიდენტმა გონება დაკარგა და, როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, „მოსხლეტით დავარდა“. ამ შემთხვევის შემდეგ ის გლდანის ციხის კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდა.