ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. იგი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, მისი შიმშილობის დასასრულებლად მისაღები პირობაა.

"გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის... მე ახლა ველოდები ექიმს და რა თქმა უნდა, [სააკაშვილის] გადასვლის პროცესს..." - თქვა ხოშტარიამ.

დღეს, 19 ნოემბერს ელენე ხოშტარიას შიმშლობის მე-17 დღეა.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყო. დღეს, 19 ნოემბერს, როცა სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50 დღეა გასული, მას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.