„ბრალდებულმა თქვენ მოგკლათ?“ - რა პრობლემებს აწყდებიან ქალები დაკითხვისას

ცინიკური და დამამცირებელი კითხვები, კითხვები, რომელიც დაზარალებულს დააშინებს ან თავგზას აურევს... სასამართლო სხდომების შესწავლამ აჩვენა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები დაკითხვისას ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან. ანგარიში სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველომ“ წარმოადგინეს.

შს სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის ათასობით შემთხვევა მოხდა, აქედან 2587 შემთხვევა ფიზიკურ ძალადობაზე მოდის, 9503 - ფსიქოლოგიურზე. ოჯახური ძალადობის ფაქტები ხშირად ისევ ოჯახშივე იმალება, თუმცა მაშინაც კი, როდესაც მსხვერპლი სასამართლოს წინაშე წარდგენას გადაწყვეტს, ის არც დამცირებისგან არის დაცული და არც გულგრილობისგან.

ადვოკატი: ბრალდებულმა თქვენ მოგკლათ?

დაზარალებული: ფაქტია, რომ ჯერ არა.

ეს ერთ-ერთი დიალოგია სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიშიდან. ანგარიში ეყრდნობა 2021 წლის მაის-აგვისტოს პერიოდში, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში ჩატარებულ მონიტორინგს. მკვლევრები 30 საქმის სასამართლო პროცესს დააკვირდნენ.

მონიტორინგმა გამოვლინა, რომ დაზარალებულებს:

  • არ ჰყავთ ადვოკატები;
  • არასრულად განუმარტავენ თავიანთ უფლებებს;
  • ხშირად იმასაც არ ეუბნებიან, თუ რა საქმეზე არიან გამოძახებულები და რაში ედება ბრალი სავარაუდო დამნაშავეს;
  • არ აწვდიან ინფორმაციას თავშესაფრის და მხარდაჭერის პროგრამების შესახებ;
  • მოსამართლე დაზარალებულთან საუბრისას იყენებს სპეციფიკურ, დაზარალებულისთვის გაუგებარ ტერმინებს;

ძალადობის მსხვერპლ ქალებს არავინ ეუბნება, რომ სასამართლო სხდომა შეიძლება დაიხუროს.

„არ შემიძლია ამ ბიჭის ყურება“

არის შემთხვევები, როდესაც ბრალდებული და მისი ადვოკატი დაზარალებულზე სასამართლო დარბაზშიც ძალადობს, ამ შემთხვევაში უკვე ფსიქოლოგიურად. მაგალითად, აღწერილია შემთხვევა, როდესაც სასამართლოზე ქალს, რომელსაც ქმარი სისტემატურად სცემდა, ბრალდებული მთელი დაკითხვის განმავლობაში ესროდა რეპლიკებს: „ნახე რა“, „დამპალი“, „ხედავ, რეებს ლაპარაკობს“...

ანგარიშში ნათქვამია, რომ არც ბრალდების მხარეს და არც მოსამართლეს არ მოუთხოვია ბრალდებულის დარბაზიდან გაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ამის საჭიროება დადგა.

საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაკითხვის დისტანციურად ჩატარებას, ან დაკითხვის დროს ბრალდებულის დარბაზიდან გაყვანას, თუკი დაზარალებული შეშინებული ან დათრგუნულია. თუმცა, ეს შესაძლებელია სტამბოლის კონვენციაზე დაყრდნობით.

ძალიან გთხოვთ, მე სიკვდილს ჩავხედე თვალებში, არ შემიძლია ამ ბიჭის ყურება, აღარ შემიძლია. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ. მაგას თუ არაფერი არ ახსოვს, მე ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი“, - განაცხადა დაზარალებულმა ქალმა სხდომაზე. სასამართლო მსჯელობდა შემთხვევაზე, როდესაც სიძემ სიდედრს დანა მიაბჯინა და მოკვლით დაემუქრა.

პროკურატურის წარმომადგენელმა მაკა გაგიევმა ანგარიშის პრეზენტაციისას თქვა, რომ რეკომენდაციები, რომლებიც პროკურატურას მისცეს, ჯერ კიდევ 2016 წელს დანერგეს, 2018 წლიდან კი ოჯახურ და ქალთა ძალადობის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ.

პროკურორი სტამბოლის კონვენციაზე დაყრდნობით ხშირად შუამდგომლობს მოძალადის დარბაზიდან გაყვანაზე, თუმცა გვაქვს შემთხვევები, როდესაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობები“, - თქვა მან.

„ზღაპრები მოუყვეს, დაარიგეს და ყვება“

არის შემთხვევები, როდესაც ბრალდებულის ადვოკატების შეკითხვები ცინიკურია ან საერთოდ არ ეხება იმ საქმეს, რომელსაც განიხილავენ, მაგალითად:

თქვენ ფსიქიკური პრობლემებიც ხომ არ გაქვთ?“

შემთხვევით მარიხუანას ხომ არ ეწევით?

თქვენ 8 წლის განმავლობაში აცხადებდით, რომ იყო გარკვეული ზემოქმედება, ხომ? რატომ არ გადაწყვიტეთ ერთხელ, რომ მიგემართათ პოლიციისთვის ამის თაობაზე?.. მე 8 წელიწადი არ მოვიცდიდი“.

2016 წელს თუ რაღაც მოხდა, რა უშლიდა ხელს, მისულიყო, დაეფიქსირებინა .... ზღაპრები მოუყვეს, დაარიგეს და ყვება, არტისტია, სუფთა არტისტი“.

უდანაშაულოა ეს ბიჭი და ესე იგი რამდენ რაღაცას მოიგონებენ, რა“.

რატომ არ იყვირეთ, რამდენი შესაძლებლობა მოგეცათ?

„უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელი კარლო ნიკოლეიშვილი ჰყვება შემთხვევაზე, როდესაც ბრალდებულის ადვოკატი დაზარალებულს ერთი თვით ადრე დაუკავშირდა და უთხრა, ბრალდებულს მაქსიმუმ ერთ წელიწადში ციხიდან გამოვიყვან, ამიტომ შენი სიცოცხლე, მომავალი და არსებობა იმაზე იქნება დამოკიდებული, სასამართლოზე რას იტყვიო.

ადვოკატების მხრიდან არაეთიკური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ძალიან ბევრი შემთხვევა გამოვლინდა. სამწუხაროდ, რეალობა არის ასეთი. საფრთხე მომდინარეობს არა მხოლოდ ბრალდებულისგან, არამედ მისი ახლობლებისგანაც, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, სასამართლოში ცალკე მოსაცდელი სივრცეები არსებობდეს“, - თქვა კარლო ნიკოლეიშვილმა.

მონიტორინგმა აჩვენა ისიც, რომ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი ტრადიციად იქცა.

ჩვენების მიცემა არ მსურს, არაფრის მოყოლა არ მსურს, უბრალოდ მინდა, რომ გამოვიდეს ციხიდან, ორი შვილი მყავს, მე მას ვაპატიე“;

შერიგება მინდა ჩემს ქმართან ბავშვების გამო. წეღან რომ დაინახეს ბავშვებმა მამამისი, გაგიჟდნენ, იტირეს“... - ასეთია მიზეზები, რომლებსაც ქალები ჩვენებაზე უარის თქმისას ასახელებენ.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევებისას მაღალია იმის ალბათობა, რომ რეალური მიზეზი არა პატიება ან ბავშვებზე ზრუნვაა, არამედ შიში. დღევანდელი სასამართლოს კიდევ ერთი პრობლემა კი ისაა, რომ ხშირად მოსამართლეები მხოლოდ ფორმალურად ცდილობენ გარკვევას, რა არის ჩვენების მიცემაზე უარის რეალური მიზეზი. ისინი მხოლოდ რამდენიმე შაბლონური კითხვით იფარგლებიან, რის შედეგადაც მსხვერპლი, რომელმაც „აპატია“, ისევ მოძალადის პირისპირ რჩება.