მე-18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ილაპარაკა მისი პაციენტის მდგომარეობის შესახებ.
პირადი ექიმის განცხადებით, ამ წუთას ყველაზე მეტად საჭიროა მრტ-ის (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის) გაკეთება, თუმცა შესაბამისი აპარატურა ციხის საავადმყოფოში არ არის.
„ეს აპარატი აქ არ დგას, არის თბილისის სულ რამდენიმე კლინიკაში. ადგილობრივმა ექიმებმა ჩვენ შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რაზეც მე უარი ვუთხარი. რასაკვირველია, ველაპარაკე ავადმყოფს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ზედმეტი დასხივება მხოლოდ. გვჭირდება მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც აქ [მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში] არ არსებობს. ასე რომ, ჩვენ თავის ტვინის მდგომარეობის შესახებ დიაგნოსტიკას ვერ ვაკეთებთ“, - ამბობს ყიფშიძე.
ექიმის ინფორმაციით, მრტ-ის აპარატი არის „ევექსის“ კლინიკაში, ღუდუშაურის კლინიკაში, „ნიუ ჰოსპიტალში“ და შეიძლება სხვაგანაც.
მიმდინარე გამოკვლევების შესახებ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი შეამოწმა ნევროლოგმა, გასტროენტეროლოგი კი იმ დროისთვის სააკაშვილთან მისული არ იყო. „ჩვენ ველოდებოდით გასტროენტეროლოგს, რომელიც ჯერ არ მოსულა. ის საჭირო იყო კუჭის მდგომარეობის შესასწავლად“, - აღნიშნა ექიმმა.
ნიკოლოზ ყიფშიძე, სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.
ყიფშიძეს სამკურნალო დაწესებულებაში შეხვდნენ „ქართული ოცნების" დეპუტატები. როგორც სააკაშვილის პირადმა ექიმმა აღნიშნა, მათგან სააკაშვილის მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხზე არავითარი კონკრეტული პასუხი არ მიუღია.
ასევე ნახეთ დავით სერგეენკო სააკაშვილის შესახებ: თუკი საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა18 ნოემბერს, საღამოს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის შემდეგ წაიქცა.
ასევე ნახეთ ბექა ბასილაიას თქმით, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი „მოსხლეტით წაიქცა“ ასევე ნახეთ რეანიმატოლოგის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია და რეანიმაციაში რჩება ასევე ნახეთ ხურციძის განცხადებით, სააკაშვილი საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაყვანას პოლიპროფილურ ჰოსპიტალშისახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.
„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - ვკითხულობთ დასკვნაში.
დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ
16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.