თურქეთის პრეზიდენტს აჩუქეს „თურქული სამყაროს“ რუკა, რომელშიც რუსეთის რამდენიმე რეგიონიც მოხვდა

თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერმა, დევლეთ ბახჩელიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს საჩუქრად გადასცა „თურქული სამყაროს“ რუკა, რომელზეც დატანილი აღმოჩნდა რუსეთის დაახლოებით 20 რეგიონი და ჩინეთის ნაწილი.

რუკის მიხედვით, თურქულ სამყაროში მოხვდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე, ასევე კრასნოდარის მხარე, როსტოვის ოლქის ნაწილი, ვოლგისპირეთის, აღმოსავლეთ ციმბირისა და იაკუტიის ტერიტორიები.


რუსულენოვან საიტ „კავკაზ. რეალიის“ ცნობით, შუა აზიის რესპუბლიკების და ყაზახეთის გარდა, თურქეთის პრეზიდენტისათვის ნაჩუქარ რუკაზე, „თურქულ სამყაროს“ შემადგენლობაში აღმოჩნდა ბალკანეთის ტერიტორია და ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სინძიან-უიღურის ავტონომიური ოლქი.

თავად რეჯეპ ტაიპ ერდოანს და დევლეთ ბახჩელის ამ რუკის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.