პენიტენციური: სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კომენტარი გაკეთდება

პენიტენციური სამსახური იუწყება, რომ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ეს არის უწყების მიერ გავრცელებული პირველი ინფორმაცია მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ სააკაშვილი "მოსხლეტით წაიქცა".

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ამ საკითხზე მედიისთვის დამატებითი განმარტებები გააკეთა სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც:

"სახალხო დამცველის აპარატთან გვაქვს კომუნიკაცია და ამ პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობთ ამბობენ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა".

დღეს, 18 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი წაიქცა:

„მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ, როდესაც გამოდიოდა ოთახში, მოსხლეტით წაიქცა. ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. წაქცევის შემდეგ მე ერთი სიტყვა არ გამიგია მისგან. ცდილობდნენ თვალების გახელას. გადააწვინეს საკაცეზე, აიყვანეს“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან, უკვე 49 დღეა შიმშილობს. მმართველი გუნდი უარს ამბობს მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, სააკაშვილის უფლებადამცველები კი გლდანის პენიტენციური სამსახურის ბაზაზე არსებულ კლინიკაში მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ.