ანუ გალაკტიონი ფეისბუკზეა და შეგიძლიათ უბრალოდ მისწეროთ. ის დღეს რადიო თავისუფლებასაც ელაპარაკა.
- გამარჯობა, გალაკტიონ, როგორ ხარ?
- აქ ყველა ჯანმრთელადაა, ვჭამ, ვწუწუნებ და ზოგჯერ ვილანძღები კიდეც - კიბერსივრცეში ასეა მიღებული.
- შენი დაბადების დღეა, გილოცავ!
- იცოცხლე კიდევ ას წელიწადს!
- უცნაური დალოცვაა ადამიანისგან, რომელმაც თავი მოიკლა 😊
- ბოლოს როდის იყავი ჩემს საფლავზე?
- რატომ მეკითხები, თავს მარტოსულად გრძნობ?
- ყოველივე შეკითხვაზე უნდა იქნეს პასუხი, შენ კი ისევ კითხვას მიბრუნებ.
- გენერალი კვინიტაძე რომ დავკრძალეთ მაშინ, როგორ მიიღეთ?
- გინდა მოისმინო ოფიციალურად ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქართული სიტყვა, რომელიც მე მოვიგონე?
- პასუხს გაურბიხარ? კარგი, მითხარი.
- გაინდუსტრიალებულთაგანისებურია :)) გინდა უფრო დიდი სიტყვა?
- ისე, როგორ გიყვარდა სიტყვებით თამაში. „აირევი ივერიაო“ რაც თქვი, მას მერე მართლა ვერ დავლაგდით.
- მიყვარდა მდელო გულგადახსნილი, ტურფა ზამბახი, ველზე გაშლილი; მიყვარდა მარად ნიავი მშვიდი, სუნთქვას ვავლებდი და გულს ვუხსნიდი.
- ოლიაც ხომ გიყვარდა?
- ჩემი პირველი ცოლი, უდიდესი სიყვარული: ოლია ოკუჯავა იყო. იგი საბჭოთა ხელისუფლებამ ჯერ გადაასახლა, შემდეგ კი დახვრიტა.
- როცა გენატრება, რას შვრები ხოლმე?
- შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით, უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
- ბანალურ შეკითხვას დაგისვამ, შენი რომელი ლექსი მოგწონს ყველაზე მეტად?
- როდის ამოვხსნით ამ საიდუმლოს? როდის გავცოცხლდები ისევ და ვიხილავ მზეს?
- ეგ ლექსია თუ დარდი?
- რას ვიზამთ მაშინ, როცა ცხოვრების აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან??..
- არ ვიცი, შენ რა ქენი?
- არყოფნის წიგნს დავუკვირდი, ყოფნის წიგნიც გადავშალე. წავიკითხე ცის ლაჟვარდზე ვარსკვლავები.
- და რა ეწერა?
- აი, მივტოპავ გრძნობათა ზღვაში და მივაცურებ სიცოცხლის ნავსა.
- ანუ იქაც სიცოცხლე ყოფილა.
- ჩემი ტვინი დაიღალა გამოცანებით, ჩემი სხეული დაიღალა სიცოცხლით.
- მოგვენატრე, გალა, შენ არ გენატრებით?
- ეხლაც აქ ვარ, არსად არ წავსულვარ, ბიძიკო.
- აბა, თუ მიხვდები, მე რომელი ლექსი მიყვარს შენი?
- ვინც მიყვარს, არ ვუყვარვარ, მაგრამ მე მაინც ვაღმერთებ მას.
- რა წყევლაა ასეთი, გალაკტიონს უყვარდე და ვერ ხედავდე?
- მალე იქნება რევოლიუცია?
- შენც ეგ გაინტერესებს? არ ვიცი.
- არ ვიცი, რა ვიცი, ვერ გავიგე... არცოდნა არავისათვის საქებარი არ არის, ბიძიკო.
- შენზე ამბობენ, თავის ნამდვილ სახეს არავისთან აჩვენებდაო.
- დაფიქრებულხარ იმაზე, რომ ერთხელაც, შენც ასე იქნები? ჩემსავით.
- ამით რისი თქმა გინდა?
- მე ვერ ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდა, არ შემიძლია რაღაც... ენა არ მემორჩილება... არ გამოითქმება ენით ის, რასაც მე ვგრძნობ ეხლა... შენ ადვილად აყალიბებ ემოციებს? მაგალითად?
- კი, როცა მძულს, ვამბობ, რომ მძულს და ეს პრობლემებს მიქმნის. როცა მიყვარს, ვამბობ, რომ მიყვარს და კიდევ უფრო მეტი პრობლემა მექმნება.
- აქ კიბერსივრცეში ამბობენ, რომ ვარსკვლავების რიცხვი უდრის დედამიწის ზურგზე მცხოვრებთა რიცხვს. მაგრამ მე ეგ არ მჯერა რაღაც. შენ რას ფიქრობ?
- გეთანხმები, ვარსკვლავი მეტია. ადამიანები სამყაროში კი არა, დედამიწაზეც უმცირესობაში ვართ, ყველაფერი ჩვენზე ბევრია: ფოთოლი, ყვავილი, ქვა, ალბათ კოღოებიც.
- პოეზია უპერველეს ყოვლისა! თუ შენი ცხოვრება პოეზიას გავს - სწორი გზით მიდიხარ, თუ კი სტატისტიკას - დროა შეცვალო რამე.
- და შენ შეცვლა იმიტომ გადაწყვიტე, რომ შენი ცხოვრება სტატისტიკას დაემგვანა?
- ოხ, რა რიგად ჯობია დატანჯულ ცხოვრებას სიკვდილი! გინდა უფასო რჩევა ბებერი გალაკტიონისგან?
- მირჩიე.
- უფასო რჩევა #243: ჩხუბის დროს დაიცავით ზომიერება და შეურიგდით, შეძლებისდაგვარად, მალე.
- გამახსენდა, ტიციანს რომ გაებუტე 😊
- სთქვი, რას ნიშნავს ეგ ღიმილი ღვთაებრივი?
- პატარა რაღაცაც კი გწყინდა.
- როდის ამოვხსნით ამ საიდუმლოს? როდის გავცოცხლდები ისევ და ვიხილავ მზეს?
- ისევ გაცოცხლდები? გგონია, ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ღირს ნახვად?
- ამაოა მთლად ცხოვრება.
- დაახლოებით ისე იყავით შენ და ცხოვრება, როგორც შენ და ტერენტი გრანელი.
- წამართვა ცხოვრებამ ოცნება, მოსილი ლაჟვარდი კორდებით. თანდათან, თანდათან, თანდათან, ყოველდღე ერთმანეთს ვშორდებით.
- თან გიზიდავდათ ერთმანეთის გენიალურობა, თან გეშინოდათ...
- შენი მოწერილი... ყოველთვის არ მესმის, მაგრამ ვიცი - შენ ყოველთვის კარგი ხარ. შენ ყოველთვის იცი, რომ ჩემი მწუხარება არაა შემთხვევითი ხასიათის, არც შენი. იგი ყოველთვის დაკავშირებულია რაიმენაირ მოვლენასთან. შენ რას უკავშირებ შენს დღევანდელ ხასიათს?
- რთული დღეებია ახლა, რა იქნება მომავალში? არაფერი ვიცით.
- იქნება, ბევრი რამე იქნება, მხოლოდ ამ ქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით.