გიული ალასანიას სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ იმედი გაუჩინა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ იმედი გაუჩინა. ამის შესახებ ის "მთავარ არხს" ესაუბრა.

"მომეჩვენა, რომ [სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე] მკაფიოდ არ იყო ნათქვამი, მაგრამ აქეთ მივდივართ, როგორც ჩანს. მე გამიჩინა იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ. აშკარად გამიჩინა იმედი იმიტომ, რომ თქვა პროცესი უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე... ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს ჯანმრთელობა...

პრეზიდენტი რამდენიმე დღე არ იყო საქართველოში, შეიძლება გარედან ეს პროცესი სხვანაირად იყო შეფასებული მისგანაც. ფაქტია, რომ რაღაც შეიცვალა", - თქვა ალასანიამ.

ალასანიას ამ კომენტარს წინ უძღვოდა საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი, სადაც მან სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების ვალდებულებებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით მთავრობის ვალდებულებებსა და საფრთხეებზე საუბრობს

"თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია.

ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ რამე დააკლეს მას შიმშილობისას თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე - შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 48 დღეა.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ.