პარტია „ლელო"-ს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებას, რომლის თანახმად, მასთან შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე თანხმობა განაცხადეს.
მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის" ეთერში თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან (ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და ნიკა მელიასთან) კონსულტაციების გავლის შემდეგ. ის აღნიშნავს, რომ შეხვედრის დროს სააკაშვილი ჯერ კიდევ იმყოფებოდა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
„საინტერესო ის არის, რომ ბატონი კუჭავა ამ ამბავს იხსენებს დღეს და ჩვენი შეხვედრა იყო 8 რიცხვში. ჩვენ კოალიციასთან შეთანხმებით მივედით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ იყო რუსთავის ციხეში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ვთხოვეთ კუჭავას, როგორც სპიკერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, პრაქტიკულად მეორე პირს ამ ქვეყანაში, ვუთხარით, რომ მას გაეკეთებინა შეხვედრის ორგანიზება, რომ ოპოზიციური კოალიცია და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შევხვედრილიყავით და ის მარაზმი, რაც დღეს ხდება, აგვეცილებინა თავიდან. ეს ხმამაღლა ვთქვი, როდესაც შეხვედრიდან გამოვედი“, - თქვა ხაზარაძემ
რაც შეეხება გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის საკითხს, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კუჭავამ თავად ახსენა გორი.
„გორი თვითონ ახსენა: „გორიც შეიძლება ამ სიაში იყოსო?“ ჩვენთვის გორიც მისაღები იქნებოდა და სხვა კლინიკაც, მთავარია, მას [სააკაშვილს] ციხეში არაფერი დამართოდა. რა მოხდა რეალურად? (უნდა ვთქვა, რადგან მან [კუჭავამ] გახსნა ეს თემა) მან [კახა კუჭავამ] თქვა, რომ მე ამხელა გავლენა არ მაქვსო. თქვა, რომ ალბათ გაჭირდება ამის ორგანიზება, რაც პრაქტიკულად დადასტურდა. ჩვენ რომ გვხვდებოდა ამ დროს, თურმე, სპეცოპერაცია მზადდებოდა. 2 საათში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს გლდანში. ან საქმის კურსში არ არის ეს სპიკერი, მე ასე მგონია, რომ საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება და მეორე შემთხვევაში, მას არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო, რომ ეს შეხვედრა ჩანიშნულიყო. შედეგად მივიღეთ ის დაძაბულობა და პოლარიზაცია, რაც მივიღეთ და რომელიც აწყობს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადე მამუკა ხაზარაძემ.
ასევე ნახეთ კუჭავას თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანახმა იყვნენ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე15 ნოემბერს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ილაპარაკა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გადაყვანის საკითხზე. მან გაიხსენაა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
„ჩემთან მოდიან, დახმარებას მთხოვენ. როცა მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა - თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც. მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი გამოდის და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ამავე საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ“, - თქვა კახა კუჭავამ.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება. მისი პირობა სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სააკაშვილს ვერ გაუწევენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო, სამედიცინო მომსახურებას.
მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" 9 დეპუტატმა. პარტიის ცენტრალურ ოფისში შიმშილობს ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში.