ომბუდსმენმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისთვის მულტიპროფილური ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

დღეს, 16 ნოემბერს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.

ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯგუფის მიზანია შეაფასოს რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი, პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

  • გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
  • გრიგოლი ხურციძე - შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
  • გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი
  • გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი
  • აიდა გოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
  • მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი
  • თენგო წულაძე - ნევროლოგი
  • ნინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი

ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით.

სახალხო დამცველის მიერ მოწვეული მულტიპროფილურ ექპერტთა ჯგუფი ისარგებლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სპეციალური რწმუნებებით, რის საფუძველზეც საჭიროებების შემთხვევაში, განახორციელებენ ვიზიტებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან, შეამოწმებენ N18 სამკურნალო დაწესებულებას, შეისწავლიან შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას და დასკვნებს სახალხო დამცველს წარუდგენენ. სწორედ ექსპერტ-სპეციალისტთა დასკვნებით იხელმძღვანელებს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას. ამასთან ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „სახალხო დამცველი ვერ და არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილში“.

სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან აკვირდება მისთვის პენიტენციურ სისტემაში მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და დროულობას. აპარატი ასევე ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის დასკვნებითა და რეკომენდაციებით.

მიხეილ სააკაშვილი 47 დღეა შიმშილობს.

სამწუხაროდ, პატიმრის N18 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ (მეცხრე დღეა), სამინისტროს მიერ შექმნილ მულტიფუნქციურ კონსილიუმს დაწესებულებაში შესვლისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ეძლევა“,- წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - უზრუნველყოს მის მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეგულარული ვიზიტები და ხელი არ შეუშალოს მათ ეფექტიან საქმიანობას, მათ შორის, ბიუროკრატიული დაბრკოლებებით. ასევე, შემჭიდროვებულ ვადებში, შემუშავდეს მულტიფუნქციური კონსილიუმის საქმიანობის პროტოკოლი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, სანამ ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, საჭირო აღარ არის.

თამარ გაბუნიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ახლა იმყოფება გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი უწევს სამედიცინო მეთვალყურეობას.

ასევე ნახეთ სამედიცინო კონსილიუმის საჭიროება აღარ დგას - თამარ გაბუნია

16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია იმ ექიმების გუნდის შემადგენლობა, ვინც მედიას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

ასევე ნახეთ "წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!" - პენიტენციური სააკაშვილის ახალ ვიდეოს ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სააკაშვილს ვერ გაუწევენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო, სამედიცინო მომსახურებას.

მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" 9 დეპუტატმა. დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში შიმშილობს. შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში.