სამედიცინო კონსილიუმის საჭიროება აღარ დგას - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, სანამ ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, საჭირო აღარ არის. თამარ გაბუნიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ახლა იმყოფება გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი უწევს სამედიცინო მეთვალყურეობას.

ამის თაობაზე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინცაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„იუსტიციის სამინისტრო მართავდა ამ კონსილიუმს თითქმის ერთი თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც უკვე მოხდა პაციენტის გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის, გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. ამ შემთხვევაში თავად გლდანის სამედიცინო დაწესებულებას აქვს იმის შესაძლებლობა და აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გლდანის სამედიცინო დაწესებულებას არ შეუძლია ადგილზე შექმნას კონსილიუმი. ეს მისი განმარტებით, არის ჩვეულებრივი სტანდარტული სამედიცინო პროცესი, რაც სხვა ნებისმიერ პაციენტთან დაკავშირებით მოხდებოდა, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში.

ამასთან თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, „ეს არის აღწერილი რეგულირების სააგენტოს დასკვნაში", რაც, მისი თქმით, ნიშნავს, რომ იქ არის ყველა შესაბამისი პირობა „შიმშილობის და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში მდგომარეობის მართვისთვის“. საუბარი არ არის ნეიროქირურგიული ან კარდიოქირურგიული ჩარევების საჭიროებაზე. „არ არის ამგვარი საჭიროება და არც ერთი სტანდარტული გაიდლაინი არ ამბობს რომ ამგვარი რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული მსგავს მდგომარეობებში. ეს არის სტანდარული საავადმყოფო, რომელსაც აქვს ინტენსიური თერაპიის გაწევის შესაძლებლობა“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისად, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროები ამჟამად სამედიცინო კონსილიუმის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავენ, „პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია სპეციალისტის მოწვევა, მეორე აზრის მოსმენა, გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში“.

თამარ გაბუნის თქმით, ექიმების იმ გუნდის სამედიცინო სერთიფიკატები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობას მართავს, რეგულირების სააგენტოს შემოწმების საფუძველზე გათვალისწინებულ პირობებს შეესაბამება.

16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ექიმების გუნდის შემადგენლობა.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სააკაშვილს ვერ გაუწევენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო, სამედიცინო მომსახურებას.

მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" 9 დეპუტატმა. დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში შიმშილობს. შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში.