საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პასუხობს კითხვას, რატომ არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მოშიმშილე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.
მინისტრის განმარტებით, ამის არც აუცილებლობა არსებობს და არც კანონმდებლობა ავალდებულებს საქართველოს, შეუშვას უკრაინის ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებაში.
"არშესვლის მიზეზი ჩვენ განვამარტეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა, არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული. ასევე, ბუნებრივია, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს", - თქვა დღეს მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე.
რატი ბრეგაძე იხსენებს ლიუდმილა დენისოვას ვიზიტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ მაშინ უკრაინის სახალხო დამცველმა ცალმხრივი განცხადება გააკეთა.
"წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონი დენისოვა იმყოფებოდა [სააკაშვილთან ციხეში], მან გააკეთა განცხადება ცალმხრივად, ალბათ კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედროდით, მოესმინა და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია. პირველად, როდესაც ქალბატონი დენისოვა ბრძანდებოდა მე-12 დაწესებულებაში, მან გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი განცხადება და არ შეგვეკითხა, კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის შეესაბამებოდა თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რომელიც მას მიაწოდეს", - ამბობს რატი ბრეგაძე.
რუსთავის ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ დენისოვამ ისაუბრა საქართველოს საზღვრის კვეთისას შექმნილ პრობლემებზე და ასევე იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს და აქვს შეგრძნება, რომ მსჯავრს რუსულ ციხეში იხდის. 10 ნოემბერს, როცა მიხეილ სააკაშვილს მის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა პენიტენციურმა სამსახურმა, უკრაინის სახალხო დამცველმა თქვა, რომ სააკაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენცია. რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში მოტყუებით გადაყვანის ფაქტი კი დაგმო.
თავად უკრაინის ომბუდსმენი, რომელიც დღეს გლდანის ციხეში შესვლას კიდევ ერთხელ შეეცადა და უარი მიიღო, ცდილობს შეხვდეს ამ დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ელოდება ოფიციალურ პასუხს პენიტენციური უწყებიდან, სადაც დასაბუთებული უნდა იყოს მისთვის სააკაშვილის მონახულებაზე ნათქვამი უარი.
ასევე ნახეთ უკრაინის ომბუდსმენი: სააკაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციაპატიმრობის კოდექსში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ: "ბრალდებულს/მსჯავრდებულს რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას.
უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს / მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები არ აქვთ, უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მათი ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ."
ამავე კოდექსის მიხედვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება უზრუნველყოფილი იყოს: ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, სახალხო დამცველს დიპლომატიური სტატუსი არ აქვს და უარი პენიტენციურმა სამსახურმა შესაძლოა ამ არგუმენტით უთხრას.
"თუმცა როცა უკვე არსებობს მისი საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის პრეცედენტი, გამოდის რომ მეორედ მას სააკაშვილის მონახულების უფლებას არა კანონზე დაყრდნობით, არამედ მის მიერ ხელისუფლებისთვის მიუღებელი განცხადებების გამო ეუბნებიან" - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უკრაინის ომბუდსმენის გარდა, პენიტენციურმა სამსახურმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასაც უთხრა.
ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრი ევროპარლამენტარს პასუხობს: რატომ არ შეუშვეს ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის სანახავადსააკაშვილის მონახულების პრობლემები აქვთ კონსილიუმის წევრ ექიმებს და მის პირად ექიმსაც. ნიკოლოზ ყიფშიძე 15 ნოემბერს 5 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ექსპრეზიდენტის მონახულებას.
„სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი, აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა. იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები, მათ შორის, გუშინ, ასევე იქ მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. ჩვენ სხვა პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, განვუცხადეთ უარი. მე-18 დაწესებულება არის სამკურნალო დაწესებულება და, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისგან, რომ იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება საქართველოს კანონმდებლობით, რომ შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში,“ - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი კითხვებს სააკაშვილთან გართულებული ვიზიტების შესახებ.
ასევე ნახეთ სააკაშვილის პატიმრობის 40 დღე - სად და როდის დაირღვა კანონი და პატიმრის უფლებები ასევე ნახეთ "დისიდენტების მიმართ თუ იყენებდნენ ამ მეთოდს, ფსიქიატრიულში როცა მიჰყავდათ" - რეაქციები სააკაშვილის მიმართ მოპყრობის შესახებ