მიხეილ სააკაშვილი: 3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან

მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით წერილი გამოქვეყნდა მის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ 3 დღეა, თითქმის არ ამდგარა საწოლიდან. ამასთან, ექსპრეზიდენტი ეხმაურება 15 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციას და მასში მონაწილეებს მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით", - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო მსვლელობა თბილისის ქუჩებში 15 ნოემბერს გაიმართა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის მე-12 საპყრობილიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.