გუშინ ჩვეული გზით მივდიოდი მიტინგზე, პარლამენტის შენობისკენ, მოვალეობის განცდით და იმ რწმენით, რომ აქციაზე მისვლა აუცილებელია.
ქუჩისთვის, მოგეხსენებათ, ბუნებრივი მოვლენაა, როცა შენ ერთი მიმართულებით მიდიხარ და სხვა კი საპირისპირო მიმართულებით მოდის, როგორც ეს ამ შემთხვევაში იყო.
მაგრამ უეცრად დავფიქრდი - რატომ არის ეს ბუნებრივი მოვლენა, რომ მე თავისუფლების მოედნის მიმართულებით მივდივარ და შემხვედრები კი - პირიქით?
რატომ არ მიდის ეს ხალხი იქით, საითაც მე (და ჩემნაირები) მიდიან?
ამ შეკითხვას მეტაფორულად არ ვსვამ, გულწრფელად მიკვირს: თუკი მე (და ჩემნაირი) მიდის პარლამენტის შენობისკენ, ეს ხალხი რაღატომ მოდის იქიდან აქეთ - ისე, ვითომც არაფერი ხდებოდეს?!
უკაცრავად, მაგრამ მე რა, ჩემი პირადი საქმისთვის მივდივარ ამ აქციაზე თუ იმ პრობლემის გამო, რომელიც იმ ხალხსაც ეხება, ვისაც გონია, რომ პარლამენტთან მისვლა ჩემი (და ჩემნაირების) კერძო საქმეა და არა მათი?
საქმე მეც მაქვს (და ბევრ ჩემნაირსაც), საღამოს მეც (და ბევრ ჩემნაირსაც) შინ უნდა ჯდომა, პროფესიაც მაქვს (ისევე, როგორც ბევრ ჩემნაირს) და, ბევრის მსგავსად, არც თვითრეალიზების სივრცეების ნაკლებობას ვუჩივი...
ისევე როგორც ბევრ ჩემნაირ მოქალაქეს, არც პოლიტიკურ-კარიერული ამბიცია მიჩენს დამატებით მოტივაციას და არც პარტიული ვალდებულება მაქვს, რომ პროტესტს მოვალეობის გამო გამოვხატავდე. სხვების მსგავსად, მეც მფიტავს პოლიტიკა, მღლის და მთრგუნავს მუდმივი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ცხოვრება და ბევრად მირჩევნია, ის საათები (თუ დღეები), რომელიც აქციებზე უნდა გავხარჯო, ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო, ან იმ საქმიანობით დავკავდე, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და რომლის გადადებაც ან არგაკეთებაც სწორედ ყოფითი, პრაქტიკული კუთხით არის ჩემთვის საზიანო.
მეც მინდა იქიდან აქეთ მოვდიოდე - თავისუფლების მოედნიდან საპირისპირო მიმართულებით, მაგრამ ის კი არ მინდა, რომ იქიდან აქეთ წამოსულის მსგავსად მიკვირდეს ჩემნაირის შეხვედრა - ნეტა სად მირბის ასეთი შეშფოთებულიო, რადგან არ მინდა ისეთი გულუბრყვილოს მდგომარეობაში ყოფნა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის დეგრადაცია და სპობა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე ვერ მოახდენს გავლენას...
მოახდენს! და ახდენს კიდეც! და მერე როგორ!
თორემ არც ჩემი ცხოვრებაა აქციებზე სიარული, არც ჩემი ცხოვრებაა პოლიტიკა და არც ჩემი აპოლიტიკური ცხოვრება მიყვარს სხვებზე ნაკლებად, მაგრამ მე რატომ მივდივარ მიტინგზე, როცა თქვენ არ მიდიხართ?
თქვენ რატომ მოდიხართ საპირისპირო მიმართულებით, როცა მე აქციაზე მივდივარ?
რატომ გგონიათ, რომ მე ეს მეხება და თქვენ - არა?
რატომ გგონიათ, რომ ჩემი და ჩემნაირების პროტესტის ხარჯზე მოიპოვებთ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების უფლებას?
Your browser doesn’t support HTML5