მიხეილ სააკაშვილს დღეს მხოლოდ პირადი ექიმი მოინახულებს

მიხიელ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია პარლამენტთან. 8 ნოემბერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დღეს მხოლოდ პირადი ექიმი შევა. ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ სააკაშვილის უფლებადამცველებს დღეს გლდანის ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ.

ასევე ნახეთ ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი არ იმყოფება ციხის საავადმყოფოში, არამედ ჩვეულებრივ საკანშია

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში (გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა) გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობის შესაწყვეტად.

ასევე ნახეთ შიმშილობა ჩაკეტილ წრეში

მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია.

11 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტები, რომლებიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანში მდებარე სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

ასევე ნახეთ რატი ბრეგაძე: რატომ უნდა იყოს სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში?

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის, 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ასევე ნახეთ სააკაშვილის პატიმრობის 40 დღე - სად და როდის დაირღვა კანონი და პატიმრის უფლებები

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.