იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის შესახებ ილაპარაკა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ბრეგაძის თქმით, მოხარული იქნება, თუკი მსჯავრდებული სააკაშვილი, ევროპული სასამართლოს მოწოდების შესაბამისად, შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე.
„ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება... ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია ვინმეს, ამიხსნას?“
როგორც მინისტრი ამბობს, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, მსჯავრდებული სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.
„თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია... ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის გადაყვანილი იქნება უკან – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს“, – თქვა მან.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება.
სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
ასევე ნახეთ გვარამია: სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მისი პირობა შესრულდებასტრასბურგის სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც რატი ბრეგაძემ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: „10 ნოემბერს სასამართლომ, მორიგე მოსამართლემ, გადაწყვიტა მხარეების ინტერესებისა და სწორი პროცედურების წარმართვის მიზნით, მოუწოდოს მომჩივანს შიმშილობის შეწყვეტა. [მაგალითად მოიყვანა საქმე, სადაც ასევე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა მომჩივანს, საქმის არსებითად განხილვამდე]".
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს გაავრცელა.
ასევე ნახეთ "წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!" - პენიტენციური სააკაშვილის ახალ ვიდეოს ავრცელებს