პოლიციამ მხოლოდ გვიან ღამით აცნობა სახალხო დამცველს მათი ადგილმდებარეობის შესახებ. დაკავებულები პოლიციამ თბილისის გარდა 4 სხვა ქალაქში: მცხეთაში, ხაშურში, გორსა და საგარეჯოში გაანაწილა.
დაკავებულთა უმეტესობა სასამართლოს წინაშე ისე წარდგება, რომ ადვოკატი არ ეყოლება - არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები გუშინ მთელი დღის განმავლობაში პოლიციის იზოლატორებთან უშედეგოდ ცდილობდნენ მათ ნახვას, დღეს დილიდან კი საქალაქო სასამართლოში ელოდნენ დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესების ჩანიშვნას, რომ მათთვის სამართლებრივი დახმარება შეეთავაზებინათ.
„ხდება სრულიად დაუსაბუთებლად აქტივისტების აყვანა და შემდეგ მათთვის იმის დაბრალება, რომ პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ. მეორე მხრივ, [პრობლემაა] ის, რომ ადვოკატებს ძალიან უჭირთ ბრალდებულების მონახულება და ძალიან რთულია მათი ადგილსამყოფლის დადგენა“, - თქვა დღეს „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა სპეციალურად ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, „შეწყვიტოს რეპრესიული ზომების გამოყენება მშვიდობიანი აქტივისტებისადმი და შეწყვიტოს მხოლოდ განსხვავებული აზრისა და პროტესტის გამოხატვის გამო ადამიანების დევნა, მით უფრო, კანონის დარღვევა მათი დაკავებისას“.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში ვერ იხსენებენ (გამონაკლისია 2019 წლის 20 ივნისი, როცა 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს) შემთხვევას ბოლო წლების პრაქტიკიდან, როცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულები საათების განმავლობაში ისხდნენ ხელბორკილდადებულები პოლიციის ავტომობილებში და დაჰყავდათ იზოლატორიდან იზოლატორში, თავისუფალი ადგილების მოსაძებნად.
იურისტები ირწმუნებიან, რომ თბილისს ერთდოულად წინასწარი დაკავების იზოლატორებში 50-ზე მეტი ადამიანის განთავსება შეუძლია.
10 ნოემბერს დაკავებულების საგარეჯოში, მცხეთაში, გორსა და ხაშურში გადაყვანას უფრო მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად და დისკომფორტის მცდელობად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი, ეკა ქობესაშვილი, ვიდრე აუცილებლობად. ეკა ერთ-ერთია იმ იურისტებს შორის, რომლებიც დღეს საქალაქო სასამართლოში ცდილობდნენ ეპოვათ აქტივისტი, ვისაც სამართლებრივ დახმარებას შესთავაზებდნენ.
„მანქანებში ჰყავდათ გუშინ მთელი დღის განმავლობაში დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორებთან და პოლიციის შენობებთან და არ გვაჩვენებდნენ. ითვლება, რომ ვინაიდან მანქანა ტრანსპორტირების საშუალებაა, მასში მყოფი პირი გადაადგილდება და სანამ იზოლატორში არ შეასახლებენ, მანამდე უარს ამბობს პოლიცია შეახვედროს დაკავებული ადვოკატს. კახეთის გზატკეცილზე, საპატრულო პოლიციის შენობასთან გუშინ 3 საათის განმავლობაში ვცდილობდით ადვოკატები, გვენახა დაკავებულები, არავინ არ შეუშვეს. ქაოტური სიტუაცია იყო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ქობესაშვილმა.
არსებული პრაქტიკის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაგაკავებენ, წინასწარი დაკავების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებლად დაექვემდებარები რიგ შეზღუდვებს:
- ვერ ისარგებლებ შენი საკუთარი ტელეფონით, ვინაიდან მას პოლიცია დაკავებიდან მალევე ჩამოგართმევს;
- ვერ მოითხოვ ადვოკატთან დაკავშირებას, სანამ ავტომობილში ხარ განუსაზღვრელი სტატუსით - ეს მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლია, რაც პოლიციის შენობაში გადაგიყვანენ. ადვოკატის ყოფნა დაკავებულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოქმის შედგენისას;
- ვერ დალევ წყალს და ვერ მიიღებ საკვებს, თუკი ისინი ჩანთაში არ გაქვს წინასწარ ასეთი შემთხვევისთვის გათვალისწინებული;
- შესაძლოა ვერ მიიღო ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში აუცილებელი მედიკამენტები, რომელთა მიღებაც კონკრეტულ დროს, კონკრეტული ინტერვალებით აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, თუკი ისინიც ჩანთაში არ გაქვს ასეთი შემთხვევებისთვის წინასწარ ჩალაგებული;
- დაკავებისას დადებული ხელბორკილები უფრო და უფრო მტანჯველი გახდება, რაც მეტი დროის გატარება მოგიწევს პოლიციის მანქანაში;
- შესაძლოა ვერც საპირფარეშოში შეხვიდე და არც სიგარეტის მოწევის უფლება მოგეცეს.
„გუშინ რაც ვნახეთ ჩვენ, ამას არაფერი აქვს საერთო ან კანონის აღსრულებასთან, ან სამართლის უზენაესობასთან. ეს იყო საკუთარი ძალების დემონსტრაცია და მცდელობა, მიმდინარე საპროტესტო მუხტი ჩაახშოს ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, ისინი ბოროტად იყენებენ საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და სრულიად უსაფუძვლოდ აკავებენ აქციის მონაწილეებს. ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ ადამიანებს აკავებდნენ ყველანაირი მიზეზის გარეშე და უკანონო დაკავებები იყო უფლებების შელახვის მხოლოდ ერთი ნაწილი. დაკავების შემდეგ მათ შეელახათ დაცვის უფლება და რიგ შემთხვევაში გახდნენ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები - სხვა არაფერია, როცა რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატთან შეხვედრის უფლების გარეშე ხელებზე ბორკილებდადებული ზიხარ პოლიციის მანქანაში და მოკლებული ხარ ყველანაირი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარი კაპანაძემ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორმა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან“. ეს ორგანიზაცია 10 ნოემბერს დაკავებული 4 აქტივისტის უფლებებს იცავს.
ასევე ნახეთ აქტივისტის გზამკვლევი - რა უნდა იცოდე, თუ პოლიცია გაკავებსGDI-ის იურისტი, გიორგი ტაბიძე გვიყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებიდან ერთს, რომეო ფარულავას, დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანაში სიცხე მისცა, მან ინფორმაცია სამართალდამცველებსაც მიაწოდა და ამის მიუხედავად, არაერთი საათის განმავლობაში იჯდა სხვა დაკავებულებსა და პოლიციასთან ერთად ფანჯრებდაგმანულ ავტომობილში, წინასწარი დაკავების იზოლატორში კი სხვა პირებთან ერთად შეასახლეს. რომეო ფარულავას რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა დაკავებისას, ეს მისი დაკავების ოქმშიც არის დაფიქსირებული.
„მტერს არ გაუკეთებს ადამიანი იმას, რა ვითარებაშიც ეს დაკავებულები იყვნენ. კატასტროფა ხდებოდა. პანდემიის პირობებში, როცა სახელმწიფო სიცხის გაზომვის გარეშე მაღაზიაშიც კი არ გვიშვებს, სიცხიანი ადამიანის ჯანმრთელ ადამიანებთან ერთად გამოკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს“, - ამბობს გიორგი ტაბიძე. ის იხსენებს სასამართლოში ამგვარი დაკავებების შემდეგ საქმეების განხილვის მანკიერ პრაქტიკასაც, როცა მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან და ძირითადი მტკიცებულებაც, მათ მიერ მიცემული შაბლონური ჩვენებებია. ადვოკატებს, როგორც წესი, სასამართლო სხდომებამდე მტკიცებულებების გაცნობის საშუალებაც არ ეძლევათ და ისინი მედიასა და ღია წყაროებში გავრცელებული დაკავების კადრებში ცდილობენ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პოვნას და იმის დამტკიცებას, რომ დაკავებისას ისინი არაფერს აშავებდნენ.
ასევე ნახეთ პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენითაც დაამტკიცა - რა შეიცვალა საბოლოოდ„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ ერთ-ერთი დაკავებული, რომლის უფლებებსაც სასამართლოში დაიცავს, მცხეთის იზოლატორში, საღამოს 9 საათზე მოინახულა. კახა [კარლო] ბარამიძე ერთ-ერთია იმ სამი ადამიანიდან, რომელიც სუს-ის შენობასთან დაახლოებით 11:30 წუთზე დააკავეს და მცხეთაში წაიყვანეს. მან მოასწრო, სანამ პოლიცია ტელეფონს ჩამოართმევდა, მეგობართან დაერეკა და ეთქვა, რომ დააკავეს, თუმცა ამ დროს ჯერ არ იცოდა სად გადაჰყავდათ, ამიტომ ოჯახმა მისი ადგილსამყოფელი საღამოს 9 საათისთვის გაიგო, როცა ადვოკატს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა. წინასწარი დაკავების იზოლატორში ის სხვა დაკავებულებზე უფრო ადრე, დაახლოებით დღის 5 საათისთვის შეასახლეს.
კახა ბარამიძე მარიამ პატარიძეს მოუყვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც ის დააკავეს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სუს-ის თანამშრომლები ცდილობდნენ მოქალაქეების პროვოცირებას. ბარამიძე, ადვოკატის გადმოცემით, მაშინ დააკავეს, როცა აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალს ეხმარებოდა, რომელიც ხალხმრავლობისას ჭყლეტაში მოხვდა და შეუძლოდ გახდა. მარიამი ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეუძლია იქით ედავოს სახელმწიფოს თავისუფლების უკანონო შეზღუდვისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ის კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს.
10 ნოემბერს მოქალაქეთა დაკავებებისას საყურადღებო იყო პოლიციელების განმარტებები დაკავების მიზეზების თაობაზე, რომელიც დროის მოკლე შუალედში ერთმანეთისგან განსხვავდებოდა: თავდაპირველად სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ აქტივისტებს აკავებდნენ სახელმწიფო სტრუქტურების შენობების პიკეტირებისთვის - იმის მიუხედავად, რომ რეალურად არცერთი სახელმწიფო სტრუქტურის შენობის პიკეტირება არ მომხდარა, შემდეგ კი, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური რელიზი გაავრცელა დაკავებულთა რაოდენობისა და დაკავების მიზეზების შესახებ, აქციაზე მყოფი პოლიციელებიც დაკავების მიზეზად უკვე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ასახელებდნენ, ანუ იმას, რაც უწყების ოფიციალურ ვერსიაში იყო ნახსენები.
„როგორც ჩანს, ეს არის სამართალდამცველი ორგანოების უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ რეპრესიული მეთოდებით და ძალისმიერი დაკავებებით ცდილობენ საპროტესტო მუხტის ჩახშობას. რეალურად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ დაკავებებისთვის არ არსებობს“, - გვითხრა მარიამ პატარიძემ.
10 ნოემბერსვე, მოძრაობა „სიცხვილიამ“ იმის საილუსტრაციოდ, როგორ უსმენს სისტემა აქტივისტებს და მათ მიერ ერთმანეთში გაცვლილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აძლიერებს კონკრეტულ ადგილებში სამართალდამცველების და დაკავებისთვის საჭირო ავტომობილების კონცენტრაციას, ექსპერტიმენტი ჩაატარა, რომელიც მოკლე ვიდეოდ გამოაქვეყნა ფეისბუკზე. მოძრაობის წევრები დღის განმავლობაში ერთმანეთს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გეგმავდნენ კონკრეტული შენობის პიკეტირებას, შემდეგ კი იღებდნენ, როგორ ივსებოდა პოლიციელებით ის ადგილი დროის მოკლე მონაკვეთში.
იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ კი დაკავებულებს ურჩია, დაკავების გამო ქუჩაში შეწყვეტილი პროტესტი პოლიციის შენობებში დაკითხვისასაც გაეგრძელებინათ და „დაკავებული აქტივისტის მოქმედების პროტოკოლის“ მიხედვით ემოქმედათ.
10 ნოემბერს დაკავებულთა ნაწილი მეორე ღამესაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გაათევს - შინაგან საქმეთა სამინისტოს დაკავებებიდან 24 საათის შემდეგაც არ უთქვამს, დაკავებულთაგან რამდენი რომელ იზოლატორში რჩება და გათავისუფლდა თუ არა ვინმე ხელწერილის სანაცვლოდ.
უახლესი თვეების განმავლობაში აქციებზე მასობრივი დაკავებებიდან შეგვიძლია გავიხსენოთ:
- 2021 წლის 1 ივლისს, „პრაიდის კვირეულის“ გახსნისას 23 დაკავებულიდან, რომლებიც პრაიდს ეწინააღმდეგებოდნენ, 20 იმავე დღეს, ხელწერილის სანაცვლოდ გაათავისუფლა პოლიციამ და მხოლოდ 3 პირი დატოვა დროებითი მოთავსების იზოლატორში. გათავისუფლებულთა ნაწილი მონაწილეობდა 5 ივლისის ძალადობრივ დემონსტრაციაში.
- 2021 წლის 5 ივლისი, როცა მოძალადე ჯგუფებიდან, რომლებმაც 55 ადამიანზე იძალადეს, ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 ადამიანი დააკავეს იმავე დღეს.
- 2021 წლის 6 ივლისი, როცა რუსთაველის გამზირზე პარალელურად იმართებოდა აქცია და კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებით. ამ დღეს პოლიციამ 100-მდე პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით, თუმცა მათი უმეტესობა, 68 ადამიანი, ხელწერილის სანაცვლოდ გათავისუფლდა. მეორე დღემდე დაკავებულთაგან 32 პირი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში.