ივან კრასტევი: მერაბ მამარდაშვილის სიკვდილი უდიდესი დანაკლისი იყო ჩემთვის (ნაწ. 2)

გაგრძელება (იხ. ნაწ. 1)

მოდი, ცოტა ევროპის უსაფრთხოებაზეც ვისაუბროთ... საიდან მომდინარეობს მისთვის ყველაზე დიდი საფრთხე?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დროის რომელ მონაკვეთზეა საუბარი… მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში რუსეთი ბევრად უფრო პრობლემური იქნება, რადგან პუტინი შეეცდება, რაც შეიძლება მეტი პრობლემა დათესოს და რეგიონში დესტაბილიზაციის სხვადასხვა კერა წარმოქმნას. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინური საფრთხე ბევრად უფრო დიდია. ჩინეთი ძალიან საშიშია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ვართ დაკავშირებული.

და რაც შეეხება სხვა რეგიონულ მოთამაშეებს?

მიუხედავად იმისა, რომ ყველას ყურადღება მიპყრობილი ექნება აშშ-ჩინეთის ორთაბრძოლისკენ, დესტაბილიზაციის ახალ წყაროებს შექმნიან ისეთი რეგიონული მოთამაშეები, რომლებიც ძალიან დიდი არიან, რათა უმოქმედოდ დარჩნენ და ამასთან ძალიან მცირე, რომ გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა შეძლონ. და ყველა ასეთი მოთამაშე შეეცდება დაამტკიცოს, რომ ისინი ყურადსაღები და ანგარიშგასაწევი არიან. რა ქვეყნები მყავს მხედველობაში? პირველ რიგში რუსეთი და თურქეთი. რუსების შემთხვევაში ეს მათი სამხედრო ძალაა. თქვენ ხედავთ, როგორ ცდილობენ ისინი პოსტსაბჭოთა სივრცის კონსოლიდაციას და ამერიკელებისა თუ დასავლეთევროპელების განდევნას ამ სივრციდან. თურქეთის შემთხვევაში თქვენ ხედავთ, როგორ ავლენენ ძალაუფლების პროექციის მადას.

ნეოოსმალურ იმპერიალიზმთან გვაქვს საქმე?

მხოლოდ ლინგვისტურ დონეზე. სამი-ოთხი წლის წინ მქონდა საუბარი თურქეთის მთავრობის ერთ-ერთ წევრთან, რომელმაც მითხრა ისეთი რამ, რაც არასდროს დამავიწყდება: „ივან, ერთი რამ უნდა გაიგო: თუკი მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, პირველი მსოფლიო ომი ჯერ კიდევ გრძელდება“. მიუხედავად ამ სიტყვებისა, მე არ მჯერა, რომ ეს არის ოსმალეთის იმპერიის ხელახლა შექმნის მცდელობა. მათ უნდათ გავლენის კონსოლიდაცია, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ისინი აქტუალურობას იძენენ. მე მჯერა, რომ დღეს რეგიონული ძალებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ განიხილებოდეს როგორც არაარსებითი ძალა, ძალა რომლის არაფრად ჩაგდებაც შეიძლება.

და მაინც, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ბევრად უფრო ცუდია ვიდრე ევროპასა და თურქეთს შორის...

ამის მიზეზი ისაა, რომ თითოეული მეორეს აღიქვამს დეკადენტურ ძალად. ახლა თუ მე დარწმუნებული ვარ, რომ დეკადანსის გზას ადგახარ, ლოგიკურად მირჩევნია ხვალ დაგელაპარაკო - როცა კიდევ უფრო სუსტი იქნები. ევროპელებმა, იციან, თუ რა სახის სტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას რუსეთი (პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დემოგრაფიული), სერიოზული მოლაპარაკებების წარმართვისათვის ელოდებიან პოსტპუტინურ რუსეთს. არა იმიტომ, რომ მათ სჯერათ, რომ რუსეთი გახდება დემოკრატიული, არამედ იმიტომ, რომ მათ სჯერათ, რომ სისტემა იმდენად არის კონცენტრირებული ერთ ადამიანზე, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ რუსეთი ბევრად უფრო სუსტი იქნება.

ამავე დროს რუსებს, რომლებზეც საბჭოთა კავშირის დაშლამ წარუშლელი კვალი დატოვა, მიაჩნიათ, რომ ევროკავშირიც ანალოგიურად დაიშლება. ეს ძალიან დამახასიათებელია ამ თაობისთვის, რომელმაც თავის თავზე გამოცადა პოსტეროვნული სტრუქტურების სიმყიფე... „თუ ჩვენ დავიშალეთ, ისინი რატომ უნდა გადარჩნენ?!“ და თუ დაიწყებთ ასე ფიქრს, ყოველთვის იპოვით ფაქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი თავი დაარწმუნოთ ამ თეორიის სისწორეში.

ასე რომ, როგორც ჩვენ, ევროპელები, ისე რუსებიც, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს საერთო ინტერესები ამა თუ იმ საკითხში, არავინ არის ნამდვილად მზად დიდი ფსონი დადოს სერიოზულ მოლაპარაკებებზე.

რა შეიძლება იყოს სერიოზული მოლაპარაკებების საგანი?

ჰო, ეს საინტერესო თემაა. მაკრონი რამდენიმე ხნის წინ ცდილობდა, აეხსნა პუტინისთვის, რომ მოსკოვს არანაირი ინტერესი არ გააჩნია ჩინეთის დიდ მკლავებში აღმოჩნდეს, რადგან იქ ყოველთვის უმცროსი პარტნიორი იქნება. და თუ რუსეთი გადაწყვეტდა ჩინეთისგან დაშორებას, მაშინ ევროპაც შეეცდებოდა ამერიკისგან დისტანცირებას, რათა ამგვარად შეექმნათ შუალედური სივრცე, სადაც სხვა ქვეყნებს არსებობის სივრცე იქნებოდათ. ძალიან ადვილი სათქმელია და ძალიან ძნელი გასაკეთებელი!

ჩემი აზრით, რუსების შეხედულება ჩინეთთან ურთიერთობის შესახებ უფრო მეტად ეფუძნება სურვილს, ვიდრე რეალობას. მაგალითად, რუსებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ეკონომიკურად მათზე ბევრად უფრო ძლიერია, რუსეთს აქვს სტრატეგიული კულტურა, რომელიც ჩინეთს ჯერ კიდევ არ გააჩნია: რუსეთს შეუძლია წავიდეს და ჩაერთოს სამხედრო ოპერაციებში აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და ასე შემდეგ... ჩინეთი არასოდეს რისკავს ამის გაკეთებას, რადგან ჩინეთს არ სურს, ჩაითვალოს სამხედრო ძალად, რადგან ჩინეთის არმიას არ აქვს სამხედრო გამოცდილება... მაგრამ მოსკოვს ავიწყდება ერთი მომენტი - მაშინ, როცა რუსეთს არ ეშინია მსოფლიოში აღიქმებოდეს როგორც პრობლემების მთესველი, ჩინელები ცდილობენ პრობლემების გადამჭრელებად მოგვევლინონ.

მეორეს მხრივ, რუსეთს ძალიან სურს ჩინეთთან დაახლოება, რადგან მას ძალიან ეშინია შეერთებულ შტატებთან პირისპირ დარჩენის, მაგრამ ამავე დროს მას არ უნდა აზიაში ჩინეთის მოკავშირედ აღიქმებოდეს. რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი პოლიტიკა ჰქონდეს ინდოეთთან, იაპონიასა თუ სამხრეთ კორეასთან. მაგრამ ეს უფრო და უფრო რთულდება, რადგან ეს ქვეყნები ჩინეთს მთავარ საფრთხედ აღიქვამენ.

დაბოლოს, ვიცი, რომ თქვენ კარგად იცნობდით მერაბ მამარდაშვილს...

1988 წელს დუბროვნიკში ტარდებოდა ფილოსოფოსთა კონგრესი, სადაც მთელი მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები იყვნენ მიწვეულნი. მე, ახალგაზრდა დოქტორანტი, ვმონაწილეობდი ამ კონგრესში. ჩვენთან, სოფიის აკადემიურ წრეებში, ძალიან ვაფასებდით მამარდაშვილის ნაშრომებს და როდესაც დავინახე მერაბი კონგრესზე, გამოვეცნაურე. ჩემ მიერ მისი ნაშრომების ცოდნა, ძალზე სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მერაბისათვის... კონფერენციის მთელი პერიოდი ერთად გავატარეთ. ძალიან დავმეგობრდით. სამწუხაროდ, კონფერენციის დამთავრებიდან სულ რაღაც ორ წელიწადში შევიტყვე მისი სიკვდილის შესახებ. ეს უდიდესი დანაკლისი იყო ჩემთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.