უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენცია, როცა არ მისცა მას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება.
„საქართველოს სასამართლო სისტემის ასეთი მოქმედებები არღვევს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციის მე-6 მუხლს, რომლითაც გარანტირებულია საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დენისოვამ ფეისბუკში გამოაქვეყნა.
დენისოვამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა თხოვნით, ჩაერიონ საქმეში და ხელი შეუწყონ სამართლიანობის აღდგენას:
„მოვუწოდებ უცხოეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ ამ დარღვევაზე და მოითხოვონ, აღდგეს მიხეილ სააკაშვილის უფლება, დაესწროს სასამართლო პროცესს, რომელიც 29 ნოემბერს გაგრძელდება", - ნათქვამია უკრაინის ომბუდსმენის განცხადებაში.
დენისოვამ შეშფოთება გამოთქვა სააკაშვილის ჯანმრთლეობის მდგომარეობის გამო. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გლდანის პენიცენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა დაადასტურეს მისი ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა.
„ეს შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ამჟამად არ მოგვეპოვება ინფორმაცია მიხეილის ჯანმრთელობის შესახებ“, - დასძენს დენისოვა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სხდომა, რომელზეც განიხილებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმე. საქმეში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი ჰქონდა წაყენებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
სხდომა ბრალდებულის გარეშე ჩატარდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე. სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზებად დასახელებულია ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი მისი ჯანმრთელობისთვის“.
8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ დაბრუნება თუ სათანადო მოპყრობა - რის მიღწევა სურს კიევს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? ასევე ნახეთ უკრაინის ომბუდსმენი „გადაჭრით გმობს“ მიხეილ სააკაშვილის უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევას