პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად მხოლოდ გლუკოზის აბებს იღებს

ნიკოლოზ ყიფშიძე

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირველად შეხვდა პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. როგორც მან თქვა „TV პირველის" ეთერში, წინა დღეებთან შედარებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია - საერთო სისუსტე უფრო მეტად არის გამოხატული.

ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ გლუკოზის აბებს იღებს.

„რამდენადაც ვიცი, 2-3 აბი. ეს არის და ეს. ასევე იღებს დამაწყნარებელ წამალს და ასევე დასაძინებელ საშუალებას, სხვა არაფერს. არც ტესტები აქვს გაკეთებული და არ ვიცით, რა ხდება“, - თქვა მან.

ყიფშიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილს ესაუბრა ტესტების გაკეთების საკითხზე, თუმცა ის სასტიკი წინააღმდეგია მე-18 დაწესებულებაში ტესტების ჩატარებასა და მკურნალობაზე.

ექიმის თქმით, მას ციხეში ესმოდა პატიმრების შეძახილები. ყიფშიძემ დააზუსტა, რომ სააკაშვილთან საკანში არ ყოფილა, არამედ მას შეხვდა პაემნების ოთახში.

იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი არ შიმშილობდა, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ციხის სამედიცინო ოთახში ვიზიტის კადრები გაასაჯაროვა. უწყების თანახმად, კადრებში ჩანს, როგორ "იღებს საკვებს და ნატურალურ წვენს".

6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სოციალურ ქსელში ვიდეომასალის გასაჯაროების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.

პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა კადრების გავრცელება და განმარტა, რომ „აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში“.

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, გავრცელებულ კადრებზე ასახული ოთახი არის მე-12 პენიტენციალური დაწესებულების ექიმის კაბინეტი, სადაც პატიმრები მიდიან, როცა აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები.

გავრცელებული კადრების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.

სახალხო დამცველის მოადგილის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა“.

ასევე ნახეთ სახალხო დამცველის მოადგილე საპატიმროში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და აცხადებს, რომ „შიმშილობა დოკუმენტურად, იურიდიულად კვლავ გრძელდება“

8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.