პოლონეთმა ბელარუსს მის აღმოსავლეთ საზღვარზე "თავდასხმაში" დასდო ბრალი, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი აცხადებს, რომ მინსკი "განგსტერულ" ტაქტიკას მიმართავს მიგრანტებთან დაკავშირებულ, სულ უფრო მწვავე კრიზისში - რის გამოც ასობით მიგრანტი ღია ცის ქვეშ, სიცივეშია დარჩენილი, ბლოკის აღმოსავლეთ საზღვარზე.
პოლონეთის მთავრობა 9 ნოემბერს შეხლა-შემოხლის ახალი ინციდენტებისთვის ემზადება, რადგან საზღვრის ბელარუსის მხარეს ასობით მიგრანტია თავმოყრილი. გუშინ მიგრანტები შეეცადნენ გაერღვიათ მავთულხლართების ღობე, რათა ევროკავშირის წევრ პოლონეთში გადასულიყვნენ.
ბოლო თვეებში პოლონეთში და ასევე ლიეტუვასა და ლატვიაში ბელარუსიდან უკანონოდ შესვლა სცადა ათასობით მიგრანტმა ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან. ევროკავშირი ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ადანაშაულებს მიგრანტების მოზღვავების განზრახ ორგანიზებაში, როგორც შურისძიებისა ბრიუსელზე, მისთვის სანქციების დაწესების გამო. ევროკავშირმა ლუკაშენკას რეჟიმს სანქციები დაუწესა პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების პასუხად, რაც მოჰყვა შარშან ჩატარებულ, კამათის საგნად ქცეულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
"ეს არის ნაწილი ლუკაშენკას რეჟიმის არაჰუმანური და, რეალურად, განგსტერული სტილის მიდგომისა", - უთხრა ევროპული კომისიის პრესმდივანმა, პეტერ სტანომ ჟურნალისტებს 9 ნოემბერს.
"ბელარუსის რეჟიმი უპრეცედენტო ფორმით ესხმის თავს პოლონეთის საზღვარს და ევროკავშირს", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ვარშავაში 9 ნოემბერს.