უკრაინის ომბუდსმენი, ლიუდმილა დენისოვა გმობს, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანას გლდანის მე- 18 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში და მოუწოდებს უცხოეთის სახელმწიფოებს და ორგანიზაციებს, რათა უკრაინის მოქალაქის უფლებების აღდგენის მიზნით დაუყოვნებლად მოახდინონ რეაგირება საქართველოს ხელისუფლების ასეთ მოქმედებაზე.
უკრაინის ომუდსმენის მიერ 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ომბუდსმენის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ [გლდანის მე-18] დაწესებულებაში მოთავსების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო, საქართველოს პენიტენციური სამსახურის სპეციალური სამსახურის წევრებმა მას მიაყენეს სხეულის დაზიანება. № 18 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მიხეილის მისამართით მიმართავენ სიტყვიერ აგრესიას და მუქარანარევ განცხადებებს, რაც მის კამერაში ისმის. საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედება, ასეთ პირობებში სააკაშვილის ყოფნა და მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების და ასევე წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის დარღვევას წარმოადგენს“, - ლუდმილა დენისოვა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ელჩმა უკრაინაში უარი თქვა მასთან შეხვედრაზე.
8 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„სასჯელაღსრულების გლდანის № 18 დაწესებულების სამედიცინო ცენტრი არ შეესაბამება ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციებს და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის არარსებობის გამო არ შეუძლია უზრუნველყოს სათანადო რეანიმაციული ღონისძიებებისა და მკურნალობის ჩატარება, რასაც საქართველოს ომბუდსმენიც ადასტურებს“, - აღნიშნავს თავის მიმართვაში უკრაინის ომბუდსმენი. „აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა არ შეესაბამება პატიმართან მოპყრობის მინიმალური სტანდარტების შესახებ 22-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუყოვნებლად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის მოთავსებას ისეთ საავადმყოფოში, რომელიც გადაუდებელი რეანიმაციული დახმარების აპარატურით არის აღჭურვილი და ექიმთა კონსილიუმის მიერ ასეთი პაციენტისათვის ყველა რეკომენდაციით გათვალისწინებულ სტანდარტებს შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილის ნებართვის გარეშე საქართველოს ხელისუფლების მიერ ციხის საკანში მისი ყოფნის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელება წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებაში უკანონო ჩარევას, რაც ევროპული კონვენციის მე-8 მუხლისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლების დარღვევას წარმოადგენს“, - ნათქვამია უკრაინის ომბუდსმენის განცხადებაში.
6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომასალა და მიუთითა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყება ასაჯაროებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს.
ლიუდმილა დენისოვა გმობს საქართველოს თანამდებობის პირების მიერ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებისა და თავისუფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევას და მოუწოდებს უცხოეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რათა დაუყოვნებლად მოახდინონ რეაგირება საქართველოს ხელისუფლების ასეთ მოქმედებაზე და მოითხოვონ მისი უფლებების აღდგენა.
უკრაინის ომბუდსმენამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური შეტყობინებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში დატოვება, ქმნის დამატებით საფრთხეებს და დაძაბულობას, რისი თავიდან არიდებაც შესაძლებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებით მოქმედების შემთხვევაში.
უკრაინის საგარეო უწყებამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ყველა საშუალება იქნება საჭირო სამედიცინო დახმარების გასაწევად.
ამ განცხადებამდე უკრაინის ომბუდსმენთან შეხვედრის სურვილი გამოუთქვამს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს. საქართველოს ელჩთან შეხვედრის დროს უკრაინის ომბუდსმენს სურდა, მიეღო განმარტება 2021 წლის 1 ოქტომბერს დაკავებული და საქართველოს სასამართლოს მიერ 2018 წელს გამოტანილი განაჩენების საფუძველზე ციხეში მოთავსებული უკრაინის მოქალაქის და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიცოცხლის, სამედიცინო დახმარებისა და პროცესუალური უფლებების დარღვევის თაობაზე.
„მაგრამ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პოლიტიკური კონტექსტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შემდგომი კონსულტაციების აუცილებლობის“ გათვალისწინებით, საქართველოს ელჩმა უკრაინაში უარი თქვა ამ შეხვედრაზე, - წერს ლიუდმილა დენისოვა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმეგოდ 8 ნოემბერს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.