როგორ შეაფასებს ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ი საქართველოს ყოფილი, რიგით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ამბავს და მოჰყვება თუ არა მომხდარს მწვავე შეფასებები?
ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ, წლიური ანგარიშის გამოსვლამდე ვერ მივიღებთ, თუმცა რადიო თავისუფლებამ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასება მაინც სთხოვა „Human Rights Watch“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორს, ადამიანის უფლებების დამცველს, გიორგი გოგიას.
ჩვენ მას ვკითხეთ, როდესაც მოშიმშილე პატიმარი მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში გადაჰყავთ და ასეთად დღეს უფლებადამცველების მიერ ფასდება გლდანის ციხის საავადმყოფო, რა საერთაშორისო მექანიზმით შეიძლება დღეს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა? ვინ უნდა დაიცვას დღეს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი? გვაინტერესებდა როგორ აფასებს ის იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებამ უარი უთხრა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე, ხოლო ციხეში გადაღებული მისი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
Your browser doesn’t support HTML5
ვინ უნდა დაიცვას სააკაშვილის სიცოცხლე?
გიორგი გოგია: მისი (სააკაშვილის) სიცოცხლე და ჯანმრთელობის დაცვა არის სახელმწიფოს უპირველესი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა.
პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც ნებისმიერ ადამიანს, პატიმარს, გააჩნია უფლება, გამოაცხადოს შიმშილობა და ეს არის მისი გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. ხელისუფლების ვალდებულება კი, არის, არ ჩაერიოს უხეშად გამოხატვის ამ თავისუფლებაში და არ მოხდეს მისი ძალდატანებით მკურნალობა ან კვება. ეს იქნებოდა ძალიან უხეში დარღვევა უფლებების.
ამასთან ერთად, მისი ურთიერთობა სამედიცინო პერსონალთან შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას და დაუშვებელია მისი გამოქვეყნება.
პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ვერ იქნებოდა მისი ჯანმრთელობის უფლება უზრუნველყოფილი უმაღლესი სტანდარტებით, ასევე შეგვიძლია შევაფასოთ იმ ვალდებულებების დარღვევად, რომლებიც ხელისუფლებას გააჩნია.
„ერთ-ერთი“ ჩვეულებრივი პატიმარი?
გიორგი გოგია: თუ (სააკაშვილის შემთხვევაში) საუბარია ერთ-ერთ ჩვეულებრივ პატიმარზე, როგორც ამას აცხადებს ხელისუფლება, მაშინ ისიც უნდა გადაეყვანათ ჩვეულებრივ კლინიკაში, როგორც სხვა პატიმრები. ხოლო თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, მაშინ იქიდან უნდა ამოვიდეთ, რომ ხელისუფლებას გააჩნია ვალდებულება უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის უფლებისადმი ხელმისაწვდომობა ყველა მაღალი სტანდარტით, რაც კი არის შესაძლებელი და არანაკლებ იმისა, რაც ზოგადად საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი.
კონსილიუმის მიერ გაცემულია რეკომენდაცია მრავალპროფილური საავადმყოფოს შესახებ, ასევე არაერთხელ შემოწმდა ციხის საავადმყოფო სახალხო დამცველის მიერ - მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს იქ გააუმჯობესოს პირობები და შეიტანოს აპარატურა, მაინც არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებსაც მოითხოვს კონსილიუმი. იქ სააკაშვილის გადაყვანა სხვას არაფერს არ ემსახურება თუ არა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
,,გაუჩინარება'' ერთი საათით
გიორგი გოგია: ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, უნდა განვიხილოთ, როგორც პატივისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულება იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ გადაჰყავთ იმ საავადმყოფოში, სადაც არ არის მაღალი სტანდარტების ჯანდაცვა ხელმისაწვდომი და არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც კონსილიუმმა დააყენა და მეორე, დაუშვებელია პატიმრის გადაყვანა თუნდაც საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ.
ეს შეიძლება აღქმული იყოს როგორც იძულებით მკურნალობა და ნიშანი არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ის საათზე მეტხანს იყო გაუჩინარებული, ეს ასევე შეიძლება იქნას აღქმული მისი უფლებების დარღვევად, ოჯახის წევრმა და ადვოკატმა დაუყოვნებლივ და ყოველთვის უნდა იცოდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის თუ ოჯახის წევრის ადგილ-სამყოფელი.
როცა ამ ინფორმაციას ითხოვდა ადვოკატი და ოჯახის წევრი და მას ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს, ესეც შეიძლება შეფასდეს როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებების დარღვევად.
უარი სამოქალაქო საავადმყოფოზე
გიორგი გოგია: პირველ რიგში ძალია სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ერთი დაწესებულების დაცვა, რისთვისაც ხელისუფლებას რამდენიმე კვირა ჰქონდა. ხელისუფლება ისევ აცხადებს, რომ მას არ შესწევს ძალა დაიცვას ერთი სამოქალაქო დაწესებულება ქვეყანაში. რამდენიმე კვირა ვერ გახდა საკმარისი იმისათვის, რომ მას მიეღო ადეკვატური ზომები და ერთი პატიმრის უსაფრთხოება უზრუნველეყო ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის.
ის, რომ ჩვენ უსაფრთხოებას ვერ ვიცავთ და ამის გამო არ ვიცავთ უფლებასაც, ეს არ არის იმ სტანდარტების შესაბამისი, რომლის შესრულების ვალდებულებაც ხელისუფლებას გააჩნია.
სააკაშვილი და სამართლიანი სასამართლოს უფლება
გიორგი გოგია: ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მისი პატიმრობის საკითხი. მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდება მოხდა მის დაუსწრებლად, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. საერთაშორისო სტანდარტებით, დაუსწრებლად მსჯავრდება არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს.
კონკრეტულად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაკტის მე-14 მუხლი, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, ცალსახად აწესებს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს, რომელსაც დაუსწრებლად მსჯავრი არ შეესაბამება.
გასაგებია, რომ სააკაშვილი აცხადებდა უარს სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას მერე, რაც ის დაიჭირა ხელისუფლებამ, ამ ხელისუფლებას ჰქონდა ვალდებულება მისი ხელახალი გასამართლებისა, სადაც მას ექნებოდა უფლება სრულად ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და დაეცვა თავისი უფლებები, ეს იქნებოდა მოწმეების დაკითხვა, სხვადასხვა მტკიცებულებების წაარდგენა და ა.შ.
შესაბამისად, მისი მსჯავრი დღეს არ არის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებთან. ხელისუფლება ვალდებული იყო მოეხდინა სააკაშვილის ხელახალი გასამართლება, ხოლო სააკაშვილს მისცემოდა სრულყოფილი დაცვის უფლება.
სამწუხაროდ, ორმოც დღეზე მეტია ის პატიმარია და დღემდე არც ერთი სასამართლო პროცესი არ გამართულა. არც ის ვიცით, საერთოდ აპირებს თუ არა ხელისუფლება, მას მისცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.