უკრაინის პარლამენტის, უმაღლესი რადის, დეპუტატს ლიზა იასკოს ჯერჯერობით პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალებას არ აძლევენ. 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, სააკაშვილმა და იასკომ ახალი ოჯახი შექმნეს.
„მე მაქვს ყველა დოკუმენტი იმისთვის, რომ ციხეში შემიშვან, თუმცა ამ დროისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შესვლის ნებართვა არ მომცა. იმედი მაქვს, ნებართვა იქნება“, - თქვა იასკომ, რომელიც გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან იმყოფებოდა.
ლიზა იასკო უკმაყოფილოა სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის გამო. როგორც ის აცხადებს, საჭირო იყო უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმება, რადგან მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა.
„გადაიყვანეს რეკომენდაციის გარეშე, ადვოკატების და ნათესავების ინფორმირების გარეშე, უკრაინული მხარისთვის შეტყობინების გარეშე. რადგან ის უკრაინის მოქალაქეა, თუ საჭირო იყო მისი გადაყვანა, საჭირო იყო ამის შეთანხმება უკრაინის ხელისუფლებასთან. ის ჩუმად გადაიყვანეს. ეს, სამწუხაროდ, ევროპული ღირებულებების თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯია“, - მიიჩნევს ლიზა იასკო.
უკრაინელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ახლა მნიშვნელოვანია საქართველოში უკრაინის ომბუდსმენის ჩამოსვლა. „პირველ რიგში ეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხია“, - შენიშნა მან.
იასკომ უმაღლესი რადის წევრების დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ილაპარაკა. „უკრაინის პარლამენტის დეპუტატები რამდენად მალე ჩამოვლენ, ამას შევხედავთ. ისინი დიდი ხანია გეგმავენ ჩამოსვლას. სურდათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩამოსულიყვნენ, რადგან არჩევნებამდე არ უნდოდათ შიდა საქმეებში ჩარევა. ახლა კი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას. განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას გაიგებს და მას გადაიყვანს იქ, სადაც, როგორც მინიმუმ, უსაფრთხოდ იქნება“, - აცხადებს ლიზა იასკო.
8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი: სააკაშვილის გლდანში გადაყვანით სახელმწიფომ დაარღვია ღირსების პატივისცემის ვალდებულებამოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედს" უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილის წერილი: „გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში"მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით თბილისში აქციები იმართება.