არასამთავრობოები სააკაშვილზე: ხელისუფლების გადაწყვეტილებები პატიმრის ინტერესებით არ არის ნაკარნახევი

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში, პენიტენციური სამსახურის ბაზაზე არსებულ კლინიკაში გადაყვანას. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები არც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ არის მიმართული და არც პატიმრის ინტერესებს ემსახურება.

"მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი. არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლების გაუმართლებელი ნაბიჯების შედეგად ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

განცხადებას ხელს აწერენ: "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა' (GDI); "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI); "ღია საზოგადოების ფონდი" (OSGF); "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED); "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI); "უფლებები საქართველო" (Rights Georgia) და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR).

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან ისმოდა მისი მისამართით გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ "შუმოკის" მოწყობა იყო ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც ხელისუფლებას სააკაშვილის ამ დაწესებულებაში გადაყვანა უნდოდა.