კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე დღეს: იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში

ბანერები სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან, რუსთავი, 6 ნოემბერი

"პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია" - ესაა დასკვნა, რომელიც 5 ექიმის შემადგენლობით დღეს გამართულ კონსილიუმს ეკუთვნის. 5 ექიმიდან 2 კონსილიუმში მონაწილეობას დისტანციურად, სატელეფონო ჩართვის ფორმატით იღებდა. კონსილიუმის შემაჯამებელ ოქმში ნათქვამია, რომ ექიმებს პაციენტი 8 ნოემბერს ფიზიკურად და პირადად არ უნახავთ და მათი მსჯელობა ეყრდნობა პირადი ექიმის მოხსენებას.

"მკურნალი ექიმის გადმოცემით პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა, იმატა საერთო სისუსტემ, მეტად შენელებულია კონტაქტისას", - წერია კონსილიუმის ოქმში. აქვე აღნიშნულია, რომ მოშიმშილე მსჯავრდებული უარს აცხადებს ყოველგვარი წამლისა და საკვები დანამატის მიღებაზე.

"უარს აცხადებს ნუტრიზონის [საკვები დანამატი] მიღებაზე, არ ღებულობს დანიშნულ ელექტროლიტებს და ვიტამინებს. კლება საწყისი წონიდან მიახლოებით 10%", - წერენ ექიმები.

დასკვნას ხელს აწერენ:

  1. ნევროლოგი - ალექსანდრე ცისკარიძე;
  2. კრიტიკული მედიცინის ექიმი - გიორგი გოცაძე;
  3. პირადი ექიმი - ნიკოლოზ ყიფშიძე;
  4. ენდოკრინოლოგი - ელენე გიორგაძე (ფიზიკურად არ ესწრებოდა);
  5. ჰემატოლოგი - ნინო შარაშენიძე (ფიზიკურად არ ესწრებოდა).
ასევე ნახეთ სააკაშვილის მკურნალი ექიმი: კონსილიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ გადასაყვანია კლინიკაში
ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ადასტურებს

8 ნოემბერს, კონსილიუმის სხდომის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციური სისტემის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააკაშვილის დედამ გამოთქვა ეჭვი, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს, ნათქვამია:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით".

ასევე ნახეთ საძაგლიშვილის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა ადვოკატებს უთხრა, რომ სააკაშვილი არ გადაჰყავთ
ასევე ნახეთ გიული ალასანია ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს