პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ილაპარაკა პენიტენციურ სამსახურთან სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე კომუნიკაციის შესახებ. როგორც ადვოკატი ამბობს, მათ რამდენიმე წუთის წინ უთხრეს, რომ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან არ გადაჰყავთ.
როგორც საძაგლიშვილი ამბობს, მათთვის ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.
„ჩვენ მოთხოვნილიც გვქონდა და ბუნებრივია, ადამიანის გადაყვანა ჰოსპიტალში უნდა მოხდეს ისე, რომ ოჯახის წევრებს, ადვოკატებს და პირად ექიმს ჰქონდეთ აღნიშნულზე ინფორმაცია, მაგრამ ჩვენთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტთან და მათ განგვიმარტეს, რომ არ ხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ. თუმცა, ცხადია, ჩვენც ვადევნებთ თვალს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ძალიან უხეში დარღვევაა უფლებების, როდესაც მოშიმშილე პრეზიდენტი გადაყავთ ისე, რომ არ გვატყობინებენ, სად მოხდეს მისი გადაყვანა. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის ისეთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, სადაც დაკმაყოფილებული იქნებოდა კონსილიუმის მიერ დადგენილი პირობები“, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ეჭვობს, რომ მისი შვილი, რომელიც რუსთავის ციხეში იყო დაპატიმრებული, გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ გიული ალასანია ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანესამ საკითხზე რადიო თავისუფლება პენიტენციურ სამსახურთან ცდილობს დაკავშირებას.
29 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობდა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, სააკაშვილს ვერტმფრენით გადაიყვანდნენ.
"ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა", - ამბობდა იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. ახლა გასულია 39 დღე.
დღეს, 8 ნოემბერს, მისი მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობდა, რომ კონსილიუმის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით არის შექმნილი, რეკომენდაციაა ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.
ასევე ნახეთ სააკაშვილის მკურნალი ექიმი: კონსილიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ გადასაყვანია კლინიკაში