ღარიბაშვილი: მზად ვართ ოპოზიციასთან დებატებისთვის, არ დავუშვებთ დესტრუქციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოთქვამს ოპოზიციასთან თანამშრომლობის მზაობას და ამასთანავე აცხადებს, რომ არ დაუშვებს დესტრუქციული ჯგუფების პროვოკაციებს.

„დღეს არის ის დრო, როცა შეიძლება დავიწყოთ საუბარი გაერთიანებაზე, მხოლოდ საქმეზე, ეკონომიკის განვითარებაზე, მოსახლეობის წინსვლაზე, კეთილდღეობაზე. ამ საკითხებზე და მთავრობის გეგმებზე მათ შორის, მზად ვარ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლო ოპოზიციასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის მიერ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ოპოზიციისა და დებატების ადგილი პარლამენტია და პრემიერი, მთავრობის მთელი შემადგენლობით, მზადაა, მონაწილეობა მიიღოს „საგნობრივ, შინაარსობრივ განხილვებში“ და არა არაფრისმომცემ დისკუსიებში.

ბრიფინგზე პრემიერმა, ასევე, ისაუბრა „დესტრუქციულ ოპოზიციაზე“, რომელშიც, სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობს და თქვა:

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარი [მიხეილ] სააკაშვილის გეგმები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული“.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გასცდება კანონის ფარგლებს, „სახელმწიფო იქნება უკომპრომისო“.

„ყველა ასეთი ქმედება და მცდელობა, დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან შემოტანილი, იქნება აღკვეთილი და ყველა იქნება სამაგალითოდ დასჯილი“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.