მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობა არ უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებას, - აცხადებს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია.
„მე არ ვარ სააკაშვილის ამომრჩეველი, არ მიმაჩნია, რომ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, ღრმად და მტკიცედ მჯერა კოალიციის“, - უთხრა ჟურნალისტებს ხოშტარიამ, რომელიც მე-6 დღეა, პარლამენტში შიმშილობს.
მისივე მტკიცებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა გამომდინარეობს პარტიის და მისი თავმჯდომარის, ასევე, სააკაშვილის დღევანდელი პოზიციით, რომლის თანახმად, კოალიცია ერთადერთი გამოსავალია.
„თუ ეს პოზიცია შეიცვლება, ცხადია, მე ასევე შევცვლი ჩემ პოზიციას და სხვა კონფიგურაციაში, ვინმეს ერთპიროვნულ მობრუნებაში არათუ არ მივიღებ მონაწილეობას, არამედ, გავუწევ წინააღმდეგობას“, - ამბობს ხოშტარია.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო 3 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან. მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.