სააკაშვილის მკურნალი ექიმი: მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული რამდენიმე საათში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები. მან შეკრების თხოვნით კონსილიუმის წევრებს პირდაპირი ეთერით მიმართა.

"მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, შეიძლება ერთ საათში, დღე არ დასჭირდება... მე არ მინდა ახლა მოგიყვეთ, რა მოუვა, როგორ დაეცემა... ის იღებდა წამლებს, რომელიც უზრუნველყოფდა მის სიცოცხლეს, გუშინდელი ტელევიზიების შემდეგ მან თქვა უარი", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. ახლა გასულია 38 დღე.

იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი არ შიმშილობდა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ციხის სამედიცინო ოთახში ვიზიტის კადრები გაასაჯაროვა. უწყება ამბობს, რომ კადრებში ჩანს, როგორ "იღებს საკვებს და ნატურალურ წვენს".

სახალხო დამცველის მოადგილის ინფორმაციით, "ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა". ომბუდსმენის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მცირე დოზის დანამატები მიიღო თამთა დემურიშვილთან, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ხელმძღვანელთან კომუნიკაციის შემდეგ და უარი თქვა დოზის გაზრდის შეთავაზებაზე. ბურჯანაძის თანახმად, შემოწმებული სამედიცინო ჩანაწერებით, მართლაც დასტურდება, რომ ლაპარაკია ამ დანამატების ერთეულ და მცირე რაოდენობით მიღებაზე.