სააკაშვილი: კადრების გამოქვეყნებით ვერაფერი დამაკლეს, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ვშიმშილობ

რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით მის ფეისბუკგვერდზე პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელზეც უწყება ამბობს, რომ საკვების მიღების პროცესია ასახული, განმარტებები კეთდება. ამ განცხადებაში წერია, რომ ციხის სამედიცინო ოთახში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების მიღება - ეს იქნება აბები, გადასხმა თუ სითხე.

"კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები. ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში", - აღნიშნულია სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე დამატებით განმარტებულია, რომ ყველაფერზე, რასაც ციხეში ის იღებს, "იქაური წესებით ხელს აწერს":

"ამ კონკრეტულ "კონსერვებზე", რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ".

შაბათ-კვირას ციხეში როგორც ადვოკატების, ასევე, სხვა პირების შესვლა შეზღუდულია - რადიო თავისუფლებას სურდა ამ საკითხზე სააკაშვილის ადვოკატებთან დაკავშირება, როგორ გავრცელდა მისი სახელით განცხადება და რა ფორმით მოხდა მასთან კომუნიკაცია. რადიო თავისუფლებას ამ და სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ კადრებზე პენიტენციური სამსახურისთვისაც სურდა კითხვის დასმა, თუმცა პრესსამსახურის თანამშრომელმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის გასაჯაროების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.

ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური: ვასაჯაროებთ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს

პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა კადრების გავრცელება და განმარტა, რომ „აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში“.

სახალხო დამცველის მოადგილის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა“. ომბუდსმენის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მცირე დოზის დანამატები მიიღო თამთა დემურიშვილთან, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ხელმძღვანელთან კომუნიკაციის შემდეგ და უარი თქვა დოზის გაზრდის შეთავაზებაზე. ბურჯანაძის თანახმად, შემოწმებული სამედიცინო ჩანაწერებით, მართლაც დასტურდება, რომ ლაპარაკია ამ დანამატების ერთეულ და მცირე რაოდენობით მიღებაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.