მელია: ხელისუფლებას ვაძლევთ 24 საათს, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ხელისუფლებას აძლევს 24-საათიან ვადას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის, რომელიც საპატიმროში 37-ე დღეა შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.

ამის შესახებ განცხადება მან რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე გააკეთა:

„ბიძინა ივანიშვილს 24 საათი აქვს ვადა, რომ თუ რამე საღი აზრი შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი. თუ 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ და უნდათ, რომ გაგვხადონ თანამონაწილეები, დამსწრეები და მოწმეები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისა, ჩვენ ორშაბათს, 8 ნოემბერს, 8 საათზე, მთელი საქართველო ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ამ წუთიდან, ვიდრე მე ვსაუბრობ, 24 საათი აქვს ივანიშვილს, სხვადასხვა წყაროთი შეგვატყობინოს, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე“.

რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლი იწყება, რომლის მთავარი მოთხოვნაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია არ დაიშლება, მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მათივე განცხადებით, აქციები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.