საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც, უწყების განცხადებით, აღბეჭდილია, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის „ამ ვიდეოს დადებას ელოდა“:
„იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ვიდეოს, როგორ "ჭამს" სააკაშვილი. ოღონდ, რატომღაც საჭმელს არ აჩვენებენ, მხოლოდ კოვზის მოძრაობას. ველოდი ამ ვიდეოს დადებას და დიდი ხანია მზად მაქვს პასუხი. პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ, რაა ეგ "საჭმელი" სინამდვილეში. "შევჭამ" და გემოზეც მოგახსენებთ, როგორია".
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, 6 ნოემბერს, საღამოს, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყება ასაჯაროებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს.
პენიტენციური სამსაუხურის მიერ გასაჯაროებულ ფოტო-ვიდეოკადრებამდე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ უწყების წარმომადგენლებმა მოინახულეს როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს და შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველი განცხადებაში წერს, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს:
„ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს“.
სახალხო დამცველის განცხადებით, უწყება ასევე შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.
6 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სპეკულაციების გამორიცხვის საფუძვლით, მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.
5 ნოემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკვები რაციონის შესახებ. როგორც ის აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს სხვადასხვა სახის ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას 5 ნოემბერსვე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ:
„მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა, - აღნიშნა ყიფშიძემ და განაგრძო, - მე არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. მე არ მინახავს ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ჰკითხეთ ექთნებს, იქ ბევრი ხალხია. ყველგან კამერებია“.
რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლი იწყება, რომლის მთავარი მოთხოვნაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია არ დაიშლება, მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მათივე განცხადებით, აქციები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
უწყვეტი აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უწყება ფლობს ინფორმაციას, რომ 6 ნოემბრიდან დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები გეგმავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.
როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.
მიხეილ სააკაშვილი 37-ე დღეა შიმშილობს.