„პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“ - აბები, რომლებმაც COVID19-ის თამაშის წესები უნდა შეცვალოს

უახლოეს პერიოდში, მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდება COVID19-ის სამკურნალო ორი პრეპარატი - „პაქსლოვიდი“ და "მოლნუპირავირი", რომლებიც კვლევების თანახმად, მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს. 5 ნოემბერს ამერიკულმა ფარმაცევტული კომპანიამ „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი COVID19-ის სამკურნალო აბები „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს კი გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის რეგულატორმა დაამტკიცა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკ, შარფ და დოჰმეს“ (MSD) მიერ წარმოებული მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, აცხადებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „მოლნუპირავირსა“ და „პაქსლოვიდს“ მიიღებს.

„პაქსლოვიდი“ - იმედისმომცემი იარაღი

5 ნოემბერს კომპანია „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ „პაქსლოვიდი“, ეს იმედისმომცემი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში, ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. მისი „მიღება რეკომენდებულია ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ.

როიტერსის ცნობით, „პაქსლოვიდს“, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაამტკიცებს აშშ-ის რეგულატორი. კლინიკური კვლევების სრულ დოკუმენტაციას „ფაიზერი“აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) 25 ნოემბრისთვის, მადლიერების დღესასწაულზე წარუდგენს. კომპანიამ კლინიკური კვლევები ნაადრევად შეწყვიტა, რადგან მათი განცხადებით, კვლევებმა უკვე აჩვენა მათი სასურველი შედეგი. კვლევების დასრულება 2022 წლის თებერვლისთვის იგეგმებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ქვეყანა მიიღებს COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტის მილიონობით დოზას.

კომპანია მედიკამენტზე დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მედიკამენტი დღეში ორჯერ მიიღება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ „ფაიზერი“ უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს 90 ქვეყანასთან მედიკამენტის მიწოდებასთან დაკავშირებით: „ჩვენი მიზანია, რომ მედიკამენტი რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ყველას“.

ბურლას თქმითვე, მაღალი შემოსავლის ქვეყნები მედიკამენტის კურსს 700 დოლარად შეიძენენ. დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის კი კომპანია რამდენიმე სხვა შესაძლებლობას განიხილავს - „მათთვის არ იქნება ბარიერი, რომ ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტზე“.

„ფაიზერი“ აცხადებს, რომ 2021 წლის ბოლოსთვის, კომპანია გამოუშვებს „პაქსლოვიდის“ 180 000 სამკურნალო კურსს. 2022 წლის ბოლოს კი მინიმუმ 50 მილიონს. მათ შორის, 21 მილიონს წლის პირველ ნახევარში.

კვლევების პროცესში, ანტივირუსული აბებით უმკურნალეს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდ-პაციენტებს, რომლებსაც ვირუსის დამძიმების მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორი ჰქონდა - მათ შორის, ასაკი და ჭარბი წონა.

მედიკამენტის მიღებამ 89%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკი იმ პაციენტებისგან განსხვავებით, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ.

„ფაიზერის“ მიერ შექმნილი მედიკამენტი ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორებს მიეკუთვნება. ანუ გამოიყენება იმ ფერმენტის დასათრგუნად, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად. როგორც მედიკამენტების შემქმნელები აცხადებენ, ამ ტიპის მედიკამენტები, როგორც წესი, ჩართულია აივ/შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობის პროცესში.

ბიძინა კულუმბეგოვი COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტს ადარებს ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“, რომელიც მძიმედ მიმდინარე გრიპის ვირუსის დროს, ექიმის დანიშნულებით გამოიყენება:

ბიძინა კულუმბეგოვი

„არსებობს მედიკამენტების კლასი, პროტეაზას ინჰიბიტორები. ეს არის მედიკამენტების ძალიან ცნობილი კლასი ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. პროტეაზას ინჰიბიტორები აქტიურად გამოიყენება აივ/შიდსის მკურნალობის პროცესში. COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტზე მუშაობისას, პროტეაზას ინჰიბიტორებიდან, ძალიან პერსპექტიული მოლეკულა აღმოჩნდა PF-07321332. ჩვენ ახლა გვაქვს ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ და ვიცით, რომ თუკი ადამიანი ამ პრეპარატს მიიღებს გრიპის დადასტურებიდან პირველ 48-72 საათში, მაშინ ვირუსი ორგანიზმში ვეღარ ასწრებს გამრავლებას. სწორედ ამ ტიპის წამალი უნდა იყოს „ფაიზერის“ მიერ შექმნილი პრეპარატიც, ცხადია, თუკი გაამართლებს მოლოდინს და კვლევები წარმატებით დასრულდება. სამწუხაროდ, COVID19-ს სტაბილური გენომი აქვს და ამიტომ შეუძლია ასეთ მედიკამენტებს ხელიდან დაუსხლტეს, არსებობს ამის რისკები. როგორ მოერგება მედიკამენტი ვირუსს, როგორ იმუშავებს მასობრივი გამოყენებისას, სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხს მესამე ფაზის კვლევა, რომელიც მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება და უფრო მეტის თქმა ალბათ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუკი ჩვენ გვექნება წამალი, რომელსაც როგორც კი დაგვიდასტურდება ვირუსი ან კონტაქტში ვიქნებით ინფიცირებულ ადამიანთან, მალევე გამოვიყენებთ, ეს იქნება გადარჩენის წამალი“.

„მოლნუპირავირი“ – თამაშის წესების შემცვლელი

„ფაიზერის“ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის რეგულატორმა დაამტკიცა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკ, შარფ და დოჰმეს“ (MSD) მიერ წარმოებული მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“, რომელიც კორონავირუსის სიმპტომური მიმდინარეობის დროს მიიღება.

კლინიკური ცდებისას გამოჩნდა, რომ მისი მიღება 50%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს. მედიკამენტი დღეში ორჯერ მიიღება. აბები პაციენტმა ხუთი დღის განმავლობაში, სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიიღოს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის საჯიდ ჯავიდის განცხადებით, "მოლნუპირავირი" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალებაა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. წამლის დამტკიცებას მან „ისტორიული დღე“ უწოდა, თავად მედიკამენტს კი „თამაშის წესების შემცვლელი“.

გაერთიანებულმა სამეფომ უკვე შეუკვეთა მედიკამენტის 480 ათასი კურსი, რომელსაც ნოემბრის ბოლოსთვის მიიღებს. კურსის ღირებულება მაღალი შემოსავლის ქვეყნებისათვის 720 დოლარს შეადგენს.

თუმცა, კომპანია „მერკი“ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს აძლევს საშუალებას „მოლნუპირავირის“ ჯენერიკული ვერსია აწარმოონ, რომელიც ეღირება გაცილებით იაფი, დაახლოებით 8 დოლარი.

ამ დროისათვის, დაახლოებით 50-მა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, მიიღოს მედიკამენტის წარმოების სუბლიცენზია.

თავდაპირველად, გასული საუკუნის 80-იან წლებში, „მოლნუპირავირი“ აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ემორის უნივერსიტეტში, გრიპის ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნეს. ხოლო როდესაც მსოფლიო COVID19-ის პანდემიამ მოიცვა, კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს SARS-CoV-2-თან ბრძოლაშიც.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „მოლნუპირავირსა“ და „პაქსლოვიდს“ მიიღებს:

თენგიზ ცერცვაძე

„ველოდებით უახლეს მედიკამენტებს - „მერკის“ მიერ შექმნილ „მოლნუპირავირს“ და „ფაიზერის“ მიერ შექმნილ ტაბლეტირებულ მედიკამენს, რომლებიც პრევენციული მიზნებით იქნება გამოყენებული. როგორც კლინიკური კვლევები გვიჩვენებს, ის შეიძლება დიაგნოზის დასმისთანავე მისცე ყველა კოვიდ-ავადმყოფს და ისინი აღარ დამძიმდებიან. ველოდებით, რომ ეს მედიკამენტები FDA-ის რეკომენდაციას დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ. საქართველომ წინმსწრებად გაატარა ყველა ღონისძიება. სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია ამ ორ კომპანიასთან და არის მყარი შეპირება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტებს“.

მსგავსი დაპირება ისმოდა გასული წლის მიწურულსაც, ოღონდ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანის შესახებ. თუმცა, საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაგვიანებით, გაზაფხულის მიწურულს დაიწყო.

დღესდღეობით, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში უკიდურესად ნელი ტემპით მიდის. ორი დოზით ჯამში აცრილია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33%. ვაქცინაციის გეგმის თანახმად კი წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ყოფილიყო აცრილი.