ბრაზილია პრეზიდენტის დასჯაზე ფიქრობს - ჩვენ ვის მოვთხოვოთ პასუხი კოვიდით გარდაცვლილთა გამო?

საპროტესტო აქცია ბრაზილიაში, პრეზიდენტის წინააღმდეგ, მაისი, 2021 წელი

ბრაზილიაში გართულებული კოვიდპანდემიის გამო, ქვეყნის პრეზიდენტს მასობრივ ჰომიციდში ადანაშაულებენ. ვის შეიძლება მოვთხოვოთ პასუხი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე?

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის სენატმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციას, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში კოვიდისგან უკვე 600 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ბოლსონარო მაინც მიიჩნევს, რომ ის არაფერ შუაშია.

„ეს მხოლოდ გაციებაა“, „აცრას კოვიდი სჯობს“, „ფაიზერი ხალხს ნიანგებად აქცევს“... ეს სიტყვები ბრაზილიის პრეზიდენტს ეკუთვნის. მოხსენებაში, რომელიც მის ბრალეულობასთან დაკავშირებით მომზადდა, ნათქვამია, რომ ხელისუფლება, მართალია, არ აღიარებდა, მაგრამ სურდა, საზოგადოებას კოლექტიური იმუნიტეტი გამოემუშავებინა, რის გამოც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არაფერი იღონა. საბოლოოდ, ბრაზილიაში უამრავი ადამიანი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა და დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ბრაზილიის მოსახლეობა 214 586 201 კაცია. მათგან კოვიდი დაუდასტურდა თითქმის 22 მილიონამდე ადამიანს. დაავადების გავრცელების მასშტაბით ბრაზილია მხოლოდ აშშ-სა და ინდოეთს ჩამოუვარდება.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ, WHO-ს შეფასებით, ზოგადად სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი ორჯერ ან სამჯერ აჭარბებს ოფიციალურ მონაცემებს.

BBC წერს, რომ ჟაირ ბოლსონაროს ბრალი ედება იმაშიც, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა. ბრაზილიის პრეზიდენტს უსარგებლოდ მიაჩნდა ნიღბის ტარება, ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და ქალაქების მერებს, როდესაც ისინი ლოკდაუნის დაწესებას ცდილობდნენ. ბრაზილიაში არასდროს იქნება ლოკდაუნი, - განაცხადა მან. ფიქრობდა, რომ მსგავსი შეზღუდვები ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო გააღატაკებდა.

ვის ვუჩივლოთ საქართველოში?

5 ნოემბერს საქართველოში კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო - 62 ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში. სულ, პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, 10 300 ადამიანი გარდაიცვალა. სიტუაცია დღითი დღე უარესდება, აცრის მსურველები კი ისევ უმცირესობაში არიან. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ 948 507 ადამიანია აცრილი, რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33.2%-ია. ამასთან, მაჩვენებელი განსხვავდება რეგიონების მიხედვით, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის მხოლოდ 11.7% არის აცრილი.

კოვიდპანდემიის შესამცირებლად ხელისუფლებამ რამდენჯერმე შემოიღო და გააუქმა ლოკდაუნი, დახურა და გახსნა სკოლები, რესტორნები, სხვა დაწესებულებები. მიუხედავად ყველაფრისა, აცრილი უმრავლესობის გარეშე ეპიდსიტუაცია უარესობისკენ მიდის.

წლის დასაწყისში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ საქართველოში მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია იგეგმებოდა.

აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში უკვე მილიონი ადამიანი იქნებოდა აცრილი.

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი - ერთჯერადად, ზოგი უკვე ორჯერადად აცრილი იქნება. ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდევაც გადატანილი. საბოლოო ჯამში, ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, დამშვიდდება სიტუაცია, - განაცხადა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

იურისტი თამარ ავალიანი ამბობს, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, როგორც პრევენციის, ასევე ეფექტიანი მკურნალობის თვალსაზრისით. ამავე ვალდებულებებში შედის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც.

„ძალით ვერ მოიყვანს აცრაზე, მაგრამ როდესაც ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელია, ესე იგი არაეფექტურად მკურნალობს და ვერ ახორციელებს ადამიანის უფლებათა ეროვნული კონვენციის მეორე მუხლს, რომელიც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, - ამბობს ის.

მისივე განმარტებით, თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ მათი ოჯახის წევრი იმის გამო გარდაიცვალა, რომ სათანადოდ არ უმკურნალეს, შეუძლია ამ მუხლზე დაყრდნობით იჩივლის, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში.

გამიგია, რომ არის შემთხვევები, როცა ხან სასუნთქი აპარატი არა აქვთ საავადმყოფოში, ხან ავადმყოფს ყურადღებას არ აქცევენ. ასეთ დროს უშუალოდ პაციენტმა უნდა მიმართოს სასამართლოს, - ამბობს თამარ ავალიანი.

მსგავს შემთხვევაში პაციენტებს შეუძლიათ, სარჩელი ადამიანის უფლებათა ეროვნული კონვენციის მესამე მუხლზე დაყრდნობით მოამზადონ, რომელიც ადამიანის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.