"რევოლუციაზე" სასაუბროდ "გირჩი - მეტი თავისუფლება" სუს-თან მივიდა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრების აქცია სუს-ის შენობასთან

"რევოლუციაზე" სასაუბროდ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები ბორის ყურუა და ცოტნე კობერიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ მივიდნენ. სუს-ის გავრცელებულ განცხადებას პარტიამ პერფორმანსით უპასუხა.

"დანაშაულია ამ ქვეყანაში, რომ "ფეისბუკზე" დაპოსტო რევოლუციაზე და ისაუბრო. მე და ჩელემ გადავწყვიტეთ, რომ ვინც ეს აგვიკრძალა იმის წინ დავიწყოთ ამაზე საუბარი. რევოლუცია არის ერთ-ერთი ბერკეტი, როგორ შეიძლება ადამიანმა შენი უფლებები მოიპოვო - ის, რაც ბუნებით გაგაჩნია. თუ ამერიკის დამფუძნებელი მამები საუბრობდნენ რევოლუციაზე და ეს ნორმალური იყო ლილუაშვილს [სუს-ის ხელმძღვანელს] რატომ ჰგონია, რომ ეს პრობლემაა. არ მგონია ლილუაშვილზე ნაკლებად ესმოდეს დემოკრატიის ფასი ამერიკის რომელიმე დამფუძნებელს", - თქვა ცოტნე კობერიძემ სუს-ის შენობის წინ.

ბორის ყურუა ამბობს, რომ რაიმე თემაზე საუბარი ან განხილვა დანაშაული ვერ იქნება.

"ბევრი რევოლუციაა, როცა ბევრი გაბრაზებული ადამიანი გამოდის და რაღაცა სახელმწიფო ინსტიტუციებს უტევს. რომ წარმოიდგინოთ, როგორი ბერკეტია, [გავიხსენოთ] 2003 წელს ამ ქვეყანას რევოლუცია ძალიან დაეხმარა და არ არსებობს არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს რევოლუცია იყო ცუდი. მართალია, დღეს ცდილობენ, რომ ეს ისტორია გადაწერონ და თქვან, რომ ეს რევოლუცია იყო ცუდი - ქვების სროლა იყო, თავისუფლების ბრძოლა კი არაო. ეს არ გამოუვათ და მათაც იმიტომ ეშინიათ რევოლუციის, რომ არ უნდათ ხალხმა მათთან ამ გზით დაიწყოს საუბარი", - თქვა მან.

3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სოციალური ქსელებითა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მოქალაქეთა ნაწილი ისეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უწყება რევოლუციისკენ მოწოდებად აღიქვამს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოწოდება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით", - აცხადებენ სუს-ში.