ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინ-ვენი, შეხვდა ევროკავშირის კანონმდებელთა დელეგაციას, რომელიც კუნძულს სტუმრობდა ტაიპეისა და პეკინს შორის დაძაბულობის ფონზე.
ევროკავშირის კანონმდებლები ტაივანში ჩავიდნენ მალე მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გასულ თვეში მხარი დაუჭირა წინადადებას, 27 წევრიანმა ბლოკმა გააღრმაოს კავშირები ტაივანთან.
ევროკავშირის რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ჩინეთის აგრესიის, ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევის და ჩინეთის მხრიდან ტაივანის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო.
ჩინეთი თვლის, რომ ტაივანი მისი ტერიტორიაა და არ გამორიცხავს კუნძულის ძალით ოკუპაციას.
სულ მცირე გასული წლის შემდეგ, ჩინეთი, სამხედრო პროვოკაციების სახით, კუნძულისკენ აგზავნის სულ უფრო მეტ გამანადგურებელს.
ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რაფაელ გლუკსმანმა, ევროპის კავშირის პარლამენტის წევრმა საფრანგეთიდან, განაცხადა, რომ დელეგაცია ჩავიდა „მარტივი და ცხადი გზავნილით - თქვენ არ ხართ მარტო“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა გაუგზავნოს არასწორი სიგნალები სეპარატისტებს, თორემ ამან შეიძლება დააზარალოს ჩინურ-ევროპული ურთიერთობა. „ევროპულმა მხარემ თავისი შეცდომა უნდა გამოასწოროს“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენ-ბინმა.