პაატა იმნაძე: "ესეთი ტემპით თუ ავიცრებით, სულ იქნება ეს კორონა"

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის პროგნოზით, ეპიდემიის ტალღები ქვეყანას ისევ ექნება და დაავადება უკან არ დაიხევს, თუ მოსახლეობა არ აიცრება.

„ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას რომ ეს მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება იმიტომ, რომ ესეთი ტემპით თუ ავიცრებით, სულ იქნება ეს კორონა“, - განაცხადა იმნაძემ დღეს, 4 ნოემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც პაატა იმნაძემ თქვა, ციკლურობა ისევ იქნება: „სამწუხაროდ, ხედავთ, რომ დაკლებაც რომ არის, ორი და სამი ათასამდე ჩამოდის და არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში შეზღუდვები აღარ იქნება და ეკონომიკა იმუშავებს, ამიტომ, დაავადების შეჩერების საშუალებად ვაქცინაცია რჩება. პაატა იმნაძის თანახმად, ისეთ ქვეყნებშიც, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი სხვებზე დაბალია და 50-60%-ს შეადგენს, ავადობა გრძელდება, მაგრამ ადამიანები აღარ კვდებიან.

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33.1%.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი. კორონავირუსი დაუდასტურდა 5206-ს. მედიკოსები ვაქცინაციას მიიჩნევენ როგორც ინფექციისგან თავის დაცვის, ასევე, დაავადების გამწვავების და ლეტალური შედეგის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებად. კოვიდმა საქართველოში უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ასევე ნახეთ როგორ დაიცვა ვაქცინამ საქართველოს მოსახლეობა - კვლევის შედეგები

საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე მკვეთრად შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი. ოქტომბერში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი მხოლოდ ორჯერ იყო 9 ათასზე მეტი, ნოემბრის დასაწყისიდან კი, 4 ათასსაც ვერ აღწევს, მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აუცილებლად მიიჩნევდნენ დღეში სულ მცირე 30 ათასი აცრის გაკეთებას.

პირველ ეტაპზე, იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საჭიროდ მიიჩნევდა წლის ბოლომდე, მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრას. თუმცა, მოგვიანებით ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო იყო სულ მცირე 80%-ის ვაქცინაცია.