საქართველოში უკვე არსებობს კვლევა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ. კვლევა ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან - 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (6,5 თვე) - მონაცემებს ასახავს. შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა საქართველოში ოთხი ვაქცინით დაცვის მონაცემები მედიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააცნო.
ინფიცირება
15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814 851 პირი, აქედან 11 403-ს კოვიდი დაუდასტურდა.
- სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ვაქცინა ინფიცირებისგან იცავს 90 პროცენტით;
- სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების რისკი 9,87-ჯერ ნაკლებია.
კლინიკაში გადაყვანა
კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა 53 767 ადამიანს, მათგან ვაქცინებული იყო მხოლოდ 1386 ადამიანი.
- ვაქცინაციის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისგან დასაცავად არის 93,4%;
- ვაქცინამ 60 წლის ზემოთ მოქალაქეების 91,7% დაიცვა კლინიკაში გადაყვანისგან, ხოლო 18-59 წლის მოქალაქეების - 95%.
ინტენსიური მკურნალობა
სულ ინტენსიურ დაწესებულებაში მოხვდა ორჯერ ვაქცინირებული 72 პირი. სრულად ვაქცინირებული ადამიანები თითქმის სრულად არიან დაცული ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრისგან.
- 60 წელს ზემოთ ადამიანებში დაცვა 97,5 პროცენტია;
- 18-59 წლის ასაკის მოსახლეობაში კი - 99%.
გარდაცვალება
ვაქცინაციის დაწყებიდან 6,5 თვის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა 5469 ადამიანი. მათგან არავაქცინირებული იყო 98,95 პროცენტი. გარდაცვალებულთაგან ვაქცინირებული მხოლოდ 57 ადამიანი იყო.
- 18-59 წლის ასაკში სიკვდილისგან დაცვა - 99,37 პროცენტია;
- 60 წლის ზემოთ კი 97,8 პროცენტი.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 53 პაციენტი. ეს 17 სექტემბრის შემდეგ ლეტალობის ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 738 171 შემთხვევა. მათგან 678 288 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 10 238 ადამიანი.