მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში გეგმავს საცხოვრებლად გადასვლას

მამუკა ხაზარაძე

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას „ლელო"-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საცხოვრებლად წალენჯიხაში აპირებს გადასვლას.

„უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადასახლებას, მაგრამ არ დამცალდა, მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდით და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად.

ვისარგებლებ შემთხვევით, მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში. ჩვენ ვაჩვენებთ როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წალენჯიხაში მერის ასარჩევად ჩატარებულ მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა. ის ერთადერთია ოპოზიციიდან, რომელმაც გამარჯვებას მიაღწია. ხარჩილავამ არჩევნებში 51,11% მიიღო.