ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

ხოშტარია ამბობს, რომ ის პარლამენტის შენობაში იშიმშილებს.

"მე არ წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის პარტიას. მეტსაც გეტყვით, მე არ ვარ მისი ამომრჩეველი. კიდევ უფრო მეტსაც ვიტყვი, მე არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია და დღესაც მაქვს მის მიმართ, მაგრამ რაც დღეს ხდება მისი პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს საკითხი არის სახელმწიფო ინტერესების, შესაბამისად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საფრთხის შექმნა 1 პროცენტითაც კი არის აბსოლუტრად დაუშვებელი. მე გადავწყვიტე, რომ აქ პარლამენტში, რომელშიც მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, დავიწყო შიმშილობა, სანამ არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარშემო არ მოიხსნება კითხვები", - თქვა ხოშტარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ შიმშილობა დღეს, 3 ნოემბერს დილით დაიწყო და მიიღებს მხოლოდ წყალს.

ხოშტარია მას შემდეგ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, რაც სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ და ექიმებისგან შეიტყობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ასევე ნახეთ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რუსთავის ციხესთან აქცია იმართება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აცხადებენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.