რუსთავის ციხესთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაპატიმრებული, "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქცია იმართება. ეს, როგორც პარტიაში ამბობენ, პერმანენტულად გასამართი აქციებიდან ერთ-ერთია.
"დღეს დღის წესრიგში დგას ერთადერთი მოთხოვნა, თავისუფლება მიშა სააკაშვილს! მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის ჩვენი ბრძოლის ხაზი და ის, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები საქართველოში. როგორც მიხეილ სააკაშვილი იბრძვის, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ახლა არ არის ტელევიზორთან ჯდომის და "ფეისბუკზე" პოსტების წერის დრო - ყველა უნდა გამოვიდეთ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და დავუდგეთ გვერდით საქართველოს მესამე პრეზიდენტს... ასე იქნება ყოველდღე რუსთავის ციხესთან, არ დავიშლებით, სანამ მიშა არ გამოვა", - მიმართა აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა ამავე პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, კობა ხაბაზი. მან თქვა, რომ ღამით დარჩება რუსთავის ციხესთან და იგივესკენ მოუწოდა სხვებსაც.
რუსთავსა და ბათუმში აქციები პარალელურად მიმდინარეობს. მოქალაქეები და პოლიტიკური ლიდერები ბათუმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.
ასევე ნახეთ ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქცია დაიწყო31 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიამ უთხრა, რომ საქართველოში დაიწყებდნენ პერმანენტულ აქციებს. "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს აქციები გამართოს დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში და თბილისშიც. თბილისში აქცია 6 ნოემბერს არის დაგეგმილი.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.