დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აღარც მალავენ, რომ სამედიცინო აღჭურვილობის, პრეპარატების, ექიმებისა და ექთნების დეფიციტია. ცხინვალის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ადგილობრივი კლინიკის ექიმი-თერაპევტი ემა გაბარათი ამბობს, რომ ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამო, წვეთოვანი სისტემების და მედიკამენტების ნაკლებობას განიცდიან.
ცხინვალის რეგიონში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ 2 ნოემბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა. განცხადებაში აღწერილია ბოლო წლებში შექმნილი ვითარება და განსაკუთრებით დამძიმებული ეპიდემიური ვითარების ფონზე, ოკუპირებული რეგიონის დახმარების აუცილებლობა.
„ცხინვალში სერიოზულ პრობლემად რჩება სამედიცინო სერვისებზე, მედიკამენტებზე, ტესტირებასა და ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. მოსახლეობა სრულ ფიზიკურ და ინფორმაციულ იზოლაციაში ცხოვრობს, სადაც დისტანცია/იზოლაცია მხოლოდ თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიისგან დაშორების ინსტრუმენტია და არა ვირუსისგან დაცვის საშუალება. ადგილზე მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე ამას დე ფაქტო ადმინისტრაცია ოფიციალურად აღიარებს. ცხინვალში ვირუსის გავრცელების და გარდაცვალების შემთხვევებს ორ წელს მალავდნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად არ ქვეყნდებოდა. სტატისტიკის გამოქვეყნება რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტია“, - წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა და ამას უკვე ბიბილოვის ხელისუფლებაც ვეღარ მალავს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, „ცხინვალის საავადმყოფოში მყოფი ინფიცირებულები მძიმე მდგომარეობაზე ღიად საუბრობენ სოციალურ ქსელებში. მათი განცხადებით, ადგილები აღარ არის, საწოლები დერეფანში დგას და დაავადებულებს საკუთარი ძალებით უწევთ თავისუფალი ადგილების ძებნა. სამედიცინო დაწესებულებაში ანტისანიტარიაა, 20-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს საერთო სველი წერტილით. არ არის საკმარისი მედიკამენტები და არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს.
თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კგბ აწარმოებს სიებს/რიგებს. თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაშიც კი, ნებართვის მიღება კორუფციასთანაა დაკავშირებული.
დღეის მდგომარეობით, განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა ახალგორში. დაბაში, სადაც სულ 800-მდე ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიურად ოფიციალურად ინფიცირების ოცამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. იმის გამო, რომ ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები არ ჰყავთ, ახალგორის საავადმყოფო პრაქტიკულად ცარიელია. დაავადებულებს ან სახლში მკურნალობენ, ან ცხინვალში გადაჰყავთ. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინტერვიუში, ახალგორის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი ამბობს, რომ მდგომარეობა გაცილებით რთულია და ინფიცირებულიც მეტია. ცხინვალს 2000 დოზა რუსული ვაქცინა "სპუტნიკი" გადაეცა, თუმცა შენახვის პირობების დარღვევის გამო ვაქცინა გამოუსადეგარი გახდა. ახალგორში ამ კონკრეტული ვაქცინით არავინ აცრილა, მათ შორის, არც საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი“.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, დაუყოვნებლივ დაისახოს და ეფექტიანად განხორციელდეს ცხინვალის ეპიდსიტუაციის მართვის გეგმა. ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, გაიხსნას უკანასკნელ წლებში დაკეტილი საკონტროლო გამშვები პუნქტები და გადასასვლელებთან მოეწყოს ვაქცინაციისა და ტესტირების სამედიცინო პუნქტი;
ასევე ნახეთ ეპიდვითარება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიუჩა ნანუაშვილის თქმით, შესაძლებლობის ფარგლებში, ცხინვალს უნდა მიეწოდოს ვაქცინა, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები. სურვილის შემთხვევაში, კოვიდით დაავადებულ პაციენტებს უნდა ჰქონდეთ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში მკურნალობის შესაძლებლობა.
ბოლო ინფორმაციით, ჰუმანიტრული კრიზისის მოგვარებას ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეუდგა. 2 ნოემბერს ოსური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წითელმა ჯვარმა დე ფაქტო რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებს მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ესენია: პირბადეები, რესპირატორები, ხალათები, სამედიცინო ხელთათმანები. მიმდინარე წლის მაისში წითელმა ჯვარმა ადგილობრივ კლინიკებს ვაქცინის შესანახი მაცივრებიც გადასცა.
ასევე ნახეთ „დაკარგული“ ექიმები და რთული ეპიდვითარება ახალგორშიბოლო 24 საათში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 9 ათასამდე ინფიცირებულია. გარდაცვლილია 130-ზე მეტი. ამ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული სამსახური ავრცელებს.