ქუთაისის ოპოზიციონერი ვიცე-მერობის კანდიდატი, იმედა კლდიაშვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მივიდა, მანქანა შესასვლელთან გააჩერა და ამბობდა, რომ ასე შეუშლიდა ხელს ამ უწყების მუშაობას. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გააჩუმა" ის ქალი, რომელიც ქუთაისში "ქართული ოცნების" მხრიდან არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობდა.
"ამ ქალბატონ ევროპელ დამკვირვებლებთან უნდა ჰქონოდა შეხვედრა. სუს-მა, რომ ვერ მოიტაცა, სახლში დაადგნენ, ქმარი დაუშინეს და მან სთხოვა, თუ გინდა, რომ პრობლემები არ მქონდეს, არავისთან გახვიდე კონტაქტზე. ამ ქალმა კონტაქტები გათიშა. დღეს ევროკავშირის დამკვირვებლებს ვერ შევახვედრეთ... მინდა მე მას თანადგომა გამოვუცხადო", - ამბობდა ის.
კლდიაშვილი საკუთარ გეგმებზე "ფეისბუკის" პირდაპირ ეთერში საუბრობდა და ხსნიდა რა იყო მისი მიზანი.
"ეს მინდა, რომ გაიგოს ყველამ, ქუთაისს მოპარეს არჩევნები, ახლა აღარაფერი გასწორდება. თითო უბანზე საშუალოდ 10 ხმა რომ ავიღოთ ზედმეტი, შედეგი გამოდის საწინააღმდეგო. ამ გაყალბებულ არჩევნებს მე პირადად არ ვაღიარებ... არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე ვალდებულებაც არის, რომ არ დაემორჩილო... ამ შენობამ დაგეგმა და მოგვპარა ქუთაისელებს არჩევნები. ამ შენობაში მყოფ ადამიანებს ეს არ უნდა შევარჩინოთ", - ამბობდა ის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელთან მანქანის გაჩერებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მასთან პოლიცია მივიდა და დოკუმენტები გამოართვა.
"უთხარით თქვენს კოლეგას, დაუმორჩილებლობის აქტია ჩემი მხრიდან. ამ შენობაში მყოფმა ადმიანებმა დღეს გააჩუმეს ქალბატონი და აღარ ასაუბრებენ. მას შეეძლო მოეწოდებინა დიდი ინფორმაცია და ეთქვა, როგორ გაყალბდა ქუთაისში არჩევნები", - უთხრა იმედა კლდიაშვილმა პოლიციელს.
დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, იყო თუ არა კლდიაშვილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.
"მაგასაც არ გავაკეთებ, რატომ უნდა გავაკეთო... მაგაშიც დაუმორჩილებლობას გიცხადებთ, მძღოლი ვარ და მაგ ტესტსაც არ ვიკეთებ. მოგაწოდეთ პირადობის მოწმობა და მანდ დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა", - უთხრა მან პოლიციას.
რამდენიმეწუთიანი კომუნიკაციის შემდეგ პოლიციამ გადაწყვიტა ის ძალის გამოყენებით გადმოეყვანა მანქანიდან. ამის შემდეგ კადრებში ჩანს, რომ მისი მანქანის კარს მოულოდნელად აღებენ და იწყებენ მის გადაყვანას.
"მოდით, ბიჭო, მომეხმარეთ"... "წინააღმდეგობას ნუ გვიწევთ, წყნარად, მშვიდად"... "დაემორჩილე ჩვენს კანონიერ მოთხოვნას"; "პოლიციელს ფიზიკურად არ შეეხო"... "ღვედი ამოუღე"... "გადმოიყვანე"... "ბორკილი დავადოთ"... "მომეხმარეთ, ბიჭო, რა გჭირთ", - ლაპარაკობდნენ პოლიციელები, რის შემდეგაც პირდაპირი ეთერი წყდება.
1 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მას "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას ავალებდა და სთხოვდა უბანზე არარეგისტრირებული ამომრჩევლისთვის ბიულეტენები გადაეცა.
ასევე ნახეთ ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას აიძულებდა"გაატარეო - არც ერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო, როდესაც მონაცემებს არ ემთხვეოდა, უბრალოდ სახელი ემთხვეოდა მხოლოდ. მერე დამირეკეს და მითხრეს, რას ჰქვია არ გაატარეო, უნდა გაგეტარებინაო, ვეცადე, რომ არც ერთი ბიულეტენი გამეშვა ისე, რომ გაყალბებულიყო..." - ამბობდა ქალი, რომელიც მმართველი პარტიიდან ზეწოლაზე საუბრობდა.
ქუთაისში "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი, გია ბასილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ იზა ჩირგაძემ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მას პარტიასთან შეხება არ ჰქონია.
"ხატია დეკანოიძეს და მის გუნდს ისღა დარჩენია ეძებოს მასეთი პროვოკატორები, რომლებიც იტყვიან, რომ "ოცნების" წარმომადგენლები არიან... რა უნდოდა, თუ აშანტაჟებდნენ "ნაციონალურ მოძრაობაში?!" - თქვა საპასუხოდ გია ბასილაძემ.