ზუგდიდის 51-ე უბნის 11 ბათილი ბიულეტენი ჯერ დაიკარგა, შემდეგ კი გამოჩნდა *. ბიულეტენების დაკარგვის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შვიდი უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრ მირანდა გოგოხიას თქმით, ეს ფაქტი ეჭვს იწვევს, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები შესაძლოა იყოს სხვა უბნებზეც, რომელთა შედეგები ხელმეორედ არ დაუთვლიათ.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განმარტებით კი ბიულეტენების შეკვრა შესაძლოა უბნიდან გამოტანისას ამოვარდა.
"მოვიკვლევთ ამ ფაქტს მიღება-ჩაბარების აქტით რა და როგორ [მოხდა]. დავაზუსტებთ ამ უბნის მოცემულობას. შეიძლება გამოტანისას ამოვარდა, იმიტომ, რომ პირველი ტურის დალუქული პაკეტებიც იქ გვაქვს. მეორე ტურიც მანდ შევალაგეთ. თან ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა ამის მოძებნისას. შეიძლება მანდ არის ამოვარდნილი", - განმარტა მირანდა მესხმა.
მოგვიანებით, ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიულეტენები, რომლებიც დაკარგული ეგონათ, უბანზე ნახეს.
"საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპერატიულად მოიკვლია ინფორმაცია და როგორც გაირკვა 51-ე უბნის 11 ბათილი ბიულეტენი დალუქული სახით ადგილზე იყო, თუმცაღა დოკუმენტაციის დახარისხების დროს არ გადაუტანიათ იმ სამუშაო მაგიდაზე, სადაც აღნიშნული უბნის მონაცემების გადათვლა მიმდინარეობდა. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, დეტალურად გადაამოწმონ ინფორმაცია ხმის გადათვლის პროცედურებთან მიმართებაში" - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი 7 საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალა. ექვს უბანში შედეგი უცვლელი დარჩა. მხოლოდ 51-ე უბნის შემთხვევაში, 11 ბათილი ბიულეტენის ნაცვლად, ჩაიწერა 0.
მთლიანობაში უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ შედეგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. არჩევნების მეორე ტურში 51-ე უბანზე 340 ამომრჩეველი მივიდა. 145 ხმა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ანზორ მელიამ, 184 კი "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში თვითმმართველობის არჩევნებზე სულ 1 345 ბიულეტენი გაბათილდა. განსხვავება გამარჯვებულ კანდადატსა და მის ოპონენტს შორის 1 744 ხმაა წინასწარი მონაცემებით.
ასევე ნახეთ ზუგდიდში ხმების დათვლა დასრულდა: ანზორ მელია - 48.33%, მამუკა წოწერია - 51.67%* მასალა და სათაური განახლებულია. დაკარგული ბიულეტენების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენები, რომელიც დაკარგული ეგონათ, უბანზე ნახეს.