მდინარაძე სააკაშვილზე: გაგვიგია, ადამიანი 40 დღე ძლებს მშიერი, ველოდებით 41-ე დღეს, ჯანსაღად იქნება

საქართველოს პარლამენტის წევრი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს. მან კითხვით უპასუხა ჟურნალისტს ამ საკითხზე საუბრის დროს.

ჟურნალისტი: ნახევრად შიმშილობაზე თქვენც გაქვთ შიშები?

მდინარაძე: თქვენ არა?!

ჟურნალისტი: მე თქვენ გეკითხებით.

მდინარაძე: ასე გაგვიგია ყველას, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს [მშიერი], 41-ე დღეს ველოდებით და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი, დარწმუნებული ვარ. მერე რა უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ სალაპარაკო აღარ გვექნება.

მან მოუწოდა სააკაშვილს მისი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების უფლება მისცეს შესაბამის უწყებებს, რადგან ამით გაირკვევა "შიმშილობს" თუ "ნახევრად შიმშილობს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან ამ დღიდან შიმშილობა გამოაცხადა, როგორც ექიმები და ადვოკატები ამბობენ, მისი მდგომარეობა ამის გამო მძიმდება. მმართველი პარტია მუდმივად სვამს კითხვებს მის შიმშილობასთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ გვარამია სააკაშვილზე: რასაც "ქართული ოცნება" ჭამას ეძახის, ვალიდოლის ზომის ცარცის გემოს აბებია
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ვინ უშლის ჭამას?!

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდება, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მას გადაიყვანენ პენიტენციური სამსახურის საავადმყოფოში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში დღეისათვის არსებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო ერთადერთი კლინიკა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, მათი განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაც. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვენ.