ინფიცირებული ექიმები სამსახურში, ინფიცირებული მოქალაქეები მასობრივ ღონისძიებებზე - ეპიდვითარება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

ცხინვალი

შეზღუდვების გამკაცრების მიუხედავად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ეპიდემიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ადგილობრივი ექიმები ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყებიან. იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც. გასულ 24 საათში კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.

ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესების მთავარ მიზეზად, მედპერსონალი მოსახლეობის უპასუხისმგებლობას ასახელებს. დე ფაქტო რესპუბლიკაში COVID-19-ით ინფიცირების, დაახლოებით, სამოცდაათიდან ასამდე ახალი შემთხვევა, ყოველდღიურად ვლინდება. ე.წ წითელი ზონის რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ალექსანდრ პლიევის განცხადებით, პანდემია მზარდია და პლატოზე ოცნება ჯერ ნაადრევია. ეს ყველაფერი, მისი აზრით, არის ბოლოდროინდელი მასობრივი ღონისძიებების პირდაპირი შედეგი - სამი ქორწილი, რომელთაგან თითოეულს ესწრებოდა ათასი ან მეტი ადამიანი, ხალხმრავალი ხსოვნისა და დაკრძალვის რიტუალები, ღვინის ფესტივალი, რომლის ჩატარებაც ხელისუფლებამ ეპიდემიური პიკის ფონზე გადაწყვიტა, და მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს, ინფიცირების სტატისტიკა არ იკლებს.

ინფიცირებულთა კლინიკური სურათი ვლინდება მეორე ან იმავე დღეს. ასაოცარია, რადგან ეს ახალ "დელტა" შტამს ძველი შტამისგან განასხვავებს, რომლის დროსაც კლინიკური ნიშნები ერთი კვირის შემდეგ ვლინდებოდა. ახლა კი, მეორე დღეს შეიძლება გამოჩნდეს სერიოზული ფილტვის უკმარისობა. ჩვენი ინტენსიური თერაპიის განყოფილება უკვე გადატვირთულია. ეს შტამი უფრო აგრესიულია და სიკვდილიანობა გაიზარდა. ეს სულ ახლახან გამოჩნდა, ორი კვირის წინ, დაავადების სიმპტომები ასეთი მძიმე არ იყო. ახლა მძიმედ დაავადებული პაციენტები სახლიდან პირდაპირ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოჰყავთ. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულთა 60%-მდე გადარჩა. ხანდახან უბრალოდ სირცხვილია: ავადმყოფს ათი დღე სახლში აჩერებდნენ მაღალი სიცხით და მერე მოჰყავდეთ მომაკვდავი, რომლის გადარჩენაც უკვე შეუძლებელია“, - უთხრა ალექსანდრ პლიევმა „ეხო კავკაზას“. მისი განმარტებით, მედპერსონალი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს და ზოგიერთი ექიმი უკვე საავადმყოფოში ცხოვრობს.

ასევე ნახეთ „დაკარგული“ ექიმები და რთული ეპიდვითარება ახალგორში

„ჯერ ვუძლებთ. მე ფაქტობრივად აქ ვცხოვრობ. ძნელია, რა თქმა უნდა, სახლში გავრბივართ დასაბანად, გამოსაცვლელად და სასწრაფოდ ვბრუნდებით. არ არის საკმარისი ექიმები. მედპერსონალის სერიოზული დეფიციტი გვაქვს“.

ცხინვალის სამედიცინო ცენტრის „წითელ ზონაში“ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

ბავშვთა საავადმყოფოში სარეზერვო ჰოსპიტალიც გაიხსნა, მაგრამ ისიც უკვე გადავსებულია. გარდა ამისა, ალექსანდრ პლიევი ამბობს, რომ გაიზარდა ექიმების ინფიცირების რისკი, რადგან მედპერსონალის დეფიციტის გამო, სხვა პროფილის ექიმებიც დასახმარებლად მიდიან „წითელ ზონაში“. ეს კი ინფიცირების და მედპერსონალის უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის რისკებს ზრდის.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ რეანიმატოლოგს კორონავირუსი აქვს. ალექსანდრ პლიევი მეორე კვირაა ავადაა, მაგრამ საავადმყოფოში მაინც მუშაობს, რადგან მისი შემცვლელი არავინაა. ექიმი სულ სამუშაო ადგილზეა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ცალკე შესასვლელით სარგებლობს. ხანდახან სახლში გამოსაცვლელად მიდის, მაგრამ ოჯახის წევრებს ერიდება. მისი კოლეგებიც სამსახურში ცხოვრობენ, ცდილობენ ნაკლებად ნახონ ახლობლები, რათა ისინი ინფიცირებისგან დაიცვან. ძალიან სწყინთ ექიმებსა და ექთნებს იმის გააზრება, რომ ასეთი კოშმარი არ იქნებოდა, თუ ადამიანები პასუხისმგებლობით მოიქცეოდნენ, აიცრებოდნენ, პირბადით ივლიდნენ და ჰიგიენის წესებს დაიცავდნენ. ეს შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია, ამბობს ალექსანდრ პლიევი:

„უბრალოდ მაბრაზებს, როცა ვხედავ, რომ ადამიანების 90% ნიღბების გარეშე სტუმრობს საჯარო ადგილებს. პაციენტები, რომლებსაც კოვიდდიაგნოზი დავუსვით, მაგრამ მსუბუქად არიან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სეირნობენ. ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს გარკვეული პასუხისმგებლობა - ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი. ამხანაგი დაიჭირეს, მას COVID-19 აქვს და მივიდა ღონისძიებაზე, სადაც ასი ადამიანი ზის. რატომ მივიდა?! სანამ სასამართლოში არ მიიყვანენ, ასეთი ხალხი თვითონ ვერ შეიგნებს“.

ეპიდვითარება მძიმეა ოკუპირებული ზნაურისა და ახალგორის რაიონებშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და სადაც რეგულაციების დაცვას დიდ ყურადღებას არავინ აქცევს.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დამატებითი საწოლების მობილიზაცია ხდება და ლოკდაუნის გამოცხადებას ითხოვენ

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, ვირუსი უფრო სწრაფად იმის გამო ვრცელდება, რომ ზოგიერთი პაციენტი ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმების დაცვაზე უარს ამბობს. დადასტურებული ინფექციით ადამიანები მიდიან სამსახურში, დადიან ქუჩებში. ერთი ქალი, დადებითი PCR ტესტით, ყიდდა პროდუქციას თავის სასურსათო მაღაზიაში. ადგილობრივმა მილიციამ მისი თვითიზოლაციაში გადაყვანა სცადა, მაგრამ უშედეგოდ, ქალს ცხინვალში საიმედო მფარველი აღმოაჩნდა. ამის შემდეგ, მეარაყიშვილის თქმით, მან ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელებს მისწერა.

„მე წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო. რესპუბლიკის მთავარ სანიტარიულ ექიმს მარინა კოჩიევას სოციალური ქსელების საშუალებით მივწერე და მიპასუხეს. მაღაზია დახურეს. მესმის, რომ ბევრი ადამიანი აღიქვამს ჩემს საქციელს, როგორც ცილისწამებასა და დასმენას. ამაზე მე ვპასუხობ: ჩემს უფლებებს არღვევენ. მე არ მინდა ავად გავხდე, არ მინდა ჩემი მშობლები დაავადდნენ. ისინი გვპასუხობენ - "მე ასე მინდა! ეს არის ჩემი სიცოცხლე, ჩემი სხეული!" უკაცრავად, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რომ საფრთხეში ჩაგვაყენოთ“.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 88 ახალი შემთხვევა გამოავლინეს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 9 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა.