შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტი - პოლიტიკური კრიზისის სათავეებთან

ავტორი: გიორგი ხარებავა

ქართული პოლიტიკით დაინტერესებული დამკვირვებლებისთვის აშკარაა, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანა მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ამომრჩეველში მზარდია უიმედობისა და ნიჰილიზმის განცდა, უკვე წლებია, რაც მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა მცდარი გზით ვითარდება, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები კი კვალავაც მთავარ გამოწვევებს შორის სახელდება. მსგავს რეალობაში ნებისმიერ დასავლურ დემოკრატიაში მმართველი პარტია სხვადასხვა დონეზე გამართულ ზედიზედ 7 არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას ვერ მოახერხებდა, რომელიმე ოპოზიციური პარტია, ან საარჩევნო ბლოკი კი აღნიშნული შვიდი არჩევნებიდან ერთში მაინც შეძლებდა იმ მთავრობის დამარცხებას, რომლის მმართველობასაც მოქალაქეთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს.

საქართველოს შემთხვევაში მოცემულობა რადიკალურად განსხვავებულია. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საკუთარი პოპულარობის გაზრდას იმ დონემდეც კი ვერ ახერხებენ, რომ მმართველ პარტიას მინიმუმ მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალება მოუსპონ. უკანასკნელ ორ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 48%-იანი მხარდაჭერის მოპოვება მოახერხა (ამჯერად, საარჩევნო პროცესის არსებით ხარვეზებზე არ გავჩერდებით), მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარი 27%-ის გაუმჯობესება ვერ შეძლო და ვერც ძლიერი მესამე ძალა გამოჩნდა, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები ღრმა კრიზისში არიან ჩაფლული. პოლიტიკური პარტიების კრიზისი კი, თავისთავად, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია.

არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომელზე დაკვირვებაც ზემოხსენებულ კრიზისს ააშკარავებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო წლების სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქალაქეების ნდობა უკიდურესად დაბალია. 2021 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში გამოკითხულთა 55% პარტიებს არ ენდობა, მათ საქმიანობას დადებითად კი მხოლოდ 36% აფასებს, ამასთანავე 61% ისურვებდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტია გამოჩენილიყო, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ამომრჩეველის უმრავლესობას არსებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები მობეზრდა ან მიაჩნია, რომ ისინი არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ-კონომიკურ გამოწვევებს არ პასუხობენ. რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგებს, ამ შემთხვევაშიც, თვალშისაცემია, რომ მთავარი პოლიტიკური ლიდერების მიმართ დაგროვილი ნეგატივი მნიშვნელოვნად აღემატება პოზიტივს.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, პოლიტიკის მეცნიერებებში გათვითცნობიერებული ადამიანი მარტივად დაასკვნის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ცვლილებებს ითხოვს, მაგრამ აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ მმართველი პარტიის ჩანაცვლებით არ შემოიფარგლება. ამ ქვეყნის მოქალაქეები უკვე საკმარისად გაიზარდნენ საიმისოდ, რომ მხოლოდ ფასადური ცვლილებით დაკმაყოფილდნენ და რადგანაც პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს მეტ ღიაობას, გამჭვირვალობასა და ჩართულობას არ სთავაზობენ, ამომრჩეველიც შესაბამის საპასუხო ნაბიჯებს დგამს და აქტიურ პოლიტიკოსებსა და პარტიებს უნდობლობას უცხადებს. პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქალაქეებში დაგროვილი ნეგატივი, მათი საქმიანობით გამოწვეული უკმაყოფილება და ახალი პარტიების გაჩენის, ან არსებული პარტიების ფუნდამენტურად გარდაქმნის სურვილი მიანიშნებს, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლების აღარ ესმით, ან არ უნდათ, რომ მათი ხმა გაიგონ და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების მოთხოვნათა ნაწილს მაინც გაუწიონ ანგარიში. პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის არსებული ეს გაუცხოება კი ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთ სათავეს წარმოადგენს.

პოლიტიკოსებისა და პარტიების მიმართ ღიად გამოხატული უკმაყოფილებით ქართველი ამომრჩეველი უკვე წლებია პოლიტიკურ პარტიებს მკაფიო სიგნალს უგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ მას პარტიების შიგნით მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობა სურს. ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები კულუარული პოლიტიკის მავნე პრაქტიკის დასრულებას ითხოვენ, მაგრამ არსებული ლიდერები ყველა მსგავს ინიციატივას ბლოკავენ, რადგან ღიაობა, გამჭვირვალობა და რიგითი წევრების შიდაპარტიულ საქმიანობაში ჩართულობა ლიდერთათვის კომფორტულ სტატუს ქვოს უქმნის საფრთხეს.

შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტი პოლიტიკურ პარტიებს ახალი მხარდამჭერების მოძიების საშუალებას უსპობს, რადგან შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობის პირობებში ახალი, მაღალი სახალხო მხარდაჭერის მქონე ლიდერების გამოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რამეთუ ძველი ელიტები განახლების პროცესს საკუთარი სტატუსის დაკარგვის შიშის გამო უფრთხიან. შიდაპარტიული დემოკრატიის პირობებში, როდესაც პარტიის რიგითი წევრები და მხარდამჭერები ირჩევენ პარტიის ლიდერებსა და არჩევნებზე წარსადგენ კანდიდატებს, მონაწილეობენ წინასაარჩევნო პროგრამებისა და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავებაში, აქვთ წვდომა პარტიის ფინანსურ ინფორმაციასთან, თავისუფლები არიან პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვაში და გააჩნიათ ლიდერებზე ლეგიტიმური ზემოქმედების სხვა მექანიზმები, შეუძლებელია, რომ არჩევნებში ზედიზედ განცდილი მძიმე მარცხებისა და წარუმატებლობების შემდეგ არ დადგეს არსებული ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი და ისინი უფრო მაღალი სახალხო მხარდაჭერის მქონე ახალმა სახეებმა არ ჩაანაცვლონ. აღნიშნული პროცესი უკვე ათწლეულებია რაც დასავლურ დემოკრატიებში მიმდინარეობს და მასზე პარტიათა რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების გავლენა ძალიან მაღალია. საქართველოს შემთხვევაში კი შეიმჩნევა, რომ ოპოზიციის ლიდერები ვერ ახერხებენ საკუთარი რეიტინგის გაზრდასა და მთავრობის ჩანაცვლებას, ასევე მუდმივად მცირდება სამთავრობო პარტიისა და მისი ლიდერების უმეტესობის რეიტინგიც, თუმცა, ქართული ოცნება რადიკალიზაციისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დაგროვილი ნეგატივის ხარჯზე მაინც ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.

როგორც წესი, არაეფექტური მმართველობისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უკმაყოფილო ამომრჩევლის ხმები ოპოზიციურ პარტიებთან უნდა გადამისამართდეს ხოლმე, თუმცა, ქართულ რეალობაში ამ პროცესს შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტი ამუხრუჭებს. რიგითი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის პოლიტიკურ ველზე ნდობის ღირსი ალტერნატივები აღარ დარჩა. ათწლეულებია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ერთი და იგივე სახეები დომინირებენ, რომლებიც საკუთარ პარტიებში მიმდინარე პროცესებს სრულად აკონტროლებენ და თამამად შეიძლება ითქვას, იმდენად არაპოპულარულები არიან, რომ საკუთარი რეიტინგის გაზრდის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ.

პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველს შორის გაუცხოებით გამოწვეული კრიზისი სიახლეს არ წარმოადგენს, 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იან წლებში დასავლურ დემოკრატიებში არსებული პარტიებიც მსგავსი კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც პარტიათა მიმართ ნდობის შემცირებაში გამოიხატებოდა, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, აღნიშნული პერიოდის დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებს შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება აღმოაჩნდათ. საქართველოს რეალობა, სამწუხაროდ, განსხვავებულია. პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ათწლეულებია რაც ქართულ პოლიტიკურ ელიტას აკომპლექტებენ, კონკურენციისა და საკუთარი სტატუსის დაკარგვის შიში აქვთ, ამიტომაც, საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიაში ერთგვარი ავტორიტარიზმია გაბატონებული. პარტიის რიგითი წევრები და მხარდამჭერები სრულად ჩამოშორებულნი არიან ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, როგორიცაა საარჩევნო სიების შედგენა, ლიდერებისა და კანდიდატების შერჩევა, ფინანსური რესურსების განკარგვა და მონიტორინგი, პარტიის შიგნით კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების შემუშავება და ა.შ. გადაწყვეტილებების მიღების ექსკლუზიურად კულუარული პრაქტიკა კი პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მაღალი სახალხო მხარდაჭერის მოპოვების საშუალებას უკიდურესად უზღუდავს, რადგანაც მსგავს არადემოკრატიულ გარემოში მერიტოკრატიული პრინციპების შესაბამისად პარტიათა განახლება და გაძლიერება ვერ ხერხდება. სანაცვლოდ, ხელოვნურად შემცირებული კონკურენციის პირობებში, არსებული პოლიტიკური ელიტა მათ მიერ საფრთხედ აღქმული ახალი ლიდერების გამოჩენას ამუხრუჭებს, რითაც საკუთარი სტატუსისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებას ახერხებს. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე დაკვირვებისას რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსების მთავარი მიზანი არა ქვეყნის განვითარების მიმართულებით მუშაობა, არამედ არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებაა, სადაც ისინი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობენ, რადგან არასასურველი კონკურენციისგან დაცულნი არიან.

ამდენად, საქართველოში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა, აღნიშნული პროცესი შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპების დაცვით უნდა განხორციელდეს, რადგანაც სხვა შემთხვევაში განახლებას მხოლოდ ფასადური ხასიათი აქვს და რეალური ცვილებების მომტანი არ არის. ძველი ელიტები, რომელთა ნეგატიური რეიტინგი პოზიტიურს გაცილებით აღემატება, ახალმა პოლიტიკოსებმა უნდა ჩაანაცვლონ, აღნიშნულის განხორციელება კი შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. არსებულ პოლიტიკურ სპექტრს უნდა ეყოს იმის გამბედაობა, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეს, თავისივე პარტიის რიგითი წევრები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართოს, ახალ სახეებს ასპარეზზე გამოჩენის საშუალება მისცეს და მასთან თავისუფალ კონკურენციაში შევიდეს. მსგავსი გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში ისტორიული გარდაქმნების ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორადაც კი შეიძლება იქცეს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.