ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს.

როგორც ნონა მამულაშვილი აცხადებს, არ აპირებს ემსახუროს პარლამენტს, სადაც ქვეყნის ინტერესებს არ იცავენ.

ის ამბობს, რომ მანდატის შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს შესაბამისი პროცედურების გავლით მიმართავს:

„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს არა მხოლოდ არჩევნები და მომავალი მოპარა, არამედ ცდილობს, რომ საქართველო დააბრუნოს პრორუსულ ორბიტაზე, ინსტიტუტები გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა პლატფორმა საუბრისთვის, მაგრამ ახლა კარგავს აზრს, რადგან ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში და ახლა ამ ინსტიტუტებში ყოფნა და რამის გახმოვანება არის ძალიან საეჭვო. ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში “ქართული ოცნება” ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ვთლი, სწორი იყო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია - ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი", - ამბობს ნონა მამულაშვილი.

საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება 31 ოქტომბერს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

პირველ ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილის საშუალებით მოუწოდა თანამოაზრეებს, პარლამენტში დატოვონ დეპუტატის მანდატი:

„ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის და ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და პარლამენტში წესიერი ხალხისადმი, მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ მარტო დატოვონ საკუთარ თავთან“.