31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ 23-გვერდიან ანგარიშში კვლავაც არის ნახსენები ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება; მმართველ პარტიასა და მის კონკურენტებს შორის არსებული არათანაბარი სასტარტო პირობები თუ „ბუნდოვანი ზღვარი“ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.
"მაგრამ"
დადებით აქცენტებს, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშშია დასმული, ძალიან ხშირად (კანონმდებლობისა თუ პრაქტიკის შეფასებისას), მოჰყვება სიტყვა „მაგრამ“.
იქვეა, თანმხლები უარყოფითი გარემოებების აღწერაც. ასეა მაგალითად შემდეგ შემთხვევებში:
- „მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ უწყვეტმა პოლარიზაციამ და ნეგატიური რიტორიკის გამწვავებამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა“.
- „მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, საარჩევნო კომისიების ქვედა დონეზე მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული შეფასება კვლავ შენარჩუნდა“.
- „ზოგადად კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეეძლოთ, მაგრამ ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ბრალდებები შენარჩუნდა“.
- „სამართლებრივი ჩარჩო, სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში, მთლიანობაში ადეკვატურ ბაზას ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ის მეტისმეტად გადატვირთულია და არაერთ შეუსაბამობას შეიცავს“.
ზეწოლა და დაშინება
„ზეწოლისა და დაშინების“ შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს დამკვირვებლები „ფართოდ გავრცელებულსა“ და „თანმიმდევრულს“ უწოდებენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას პროცესში მონაწილე ბევრმა მხარემ გააგრძელა ამომრჩევლების დაშინებისა და მათზე ზეწოლის შესახებ ცნობების მიწოდება“. უფრო კონკრეტულად, ეს ცნობები შეეხებოდა:
- „სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას და დასაქმებისა და ანაზღაურების დაპირებებს, რაც განსაკუთრებით გამიზნული იყო იმ პირებისთვის, რომლებიც ხელფასების ან სოციალური მხარდაჭერის მხრივ სახელმწიფოზე არიან დამოკიდებული;
- „ამ მიზნით სავარაუდოდ გამოიყენებოდა მმართველი პარტიის კოორდინატორების ფართო სისტემა და პროცესში ასევე ხდებოდა სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა“.
ანგარიშის თანახმად, დამკვირვებლებმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში „მიიღეს ცნობები ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევების შესახებ“.
დამკვირვებლებმა შეამჩნიეს უბნების გარეთ 100-მეტრიან რადიუსზე შეკრებილი ადამიანებიც, რაც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და რაზეც მუდმივად მიუთითებენ ადგილობრივი მეთვალყურეებიც.
აღნიშნულია, რომ დამკვირვებლების მიერ „მონახულებული საარჩევნო უბნების 29 პროცენტში, დროდადრო შეიმჩნეოდა ცალკეულ პირთა ჯგუფების დამაშინებელი ყოფნა უშუალოდ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე“.
ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობა
ანგარიშის თანახმად, „ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა არჩევნების ორ ტურს შორის შენარჩუნდა“. ყურადღება მახვილდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „ნებისმიერი მუნიციპალიტეტი, რომელშიც ოპოზიცია გაიმარჯვებს, განცალკევდება ცენტრალური ხელისუფლებისგან და არ ექნება პროექტების განხორციელების შესაძლებლობა“.
დამკვირვებლების შეფასებით, მმართველი პარტია არჩევნების წინ არასათანადო უპირატესობას პროექტებითა და დაპირებებითაც ინარჩუნებდა. ამავე კონტექსტშია მოხსენიებული ის ფაქტი, რომ "ბუნდოვანი" ხდებოდა ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.
- „ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა ორ ტურს შორის შენარჩუნდა, რაც ხასიათდებოდა საჯარო პროექტების შესახებ გაკეთებული განცხადებებით, სოციალური სარგებლის დაპირებებითა და გეგმით, რომ 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება.
- „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროექტის ინიცირება კამპანიის დაწყებამდე მოხდა, აღნიშნული კანონის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა და სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარს ბუნდოვანს ხდიდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და კარგ პრაქტიკასთან“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ - „ქართული ოცნება“ აგრძელებდა ვიზუალური ლანდშაფტის დომინირებას ბილბორდებისა და პლაკატების მეშვეობით“.
„ქართული ოცნების“ მიერ „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან“ დაკავშირებულ წუხილს მმართველი პარტიის მიერ 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციასთან მიმართებითაც ესმება ხაზი.
„დამკვირვებლებმა მიიღეს სარწმუნო ცნობები, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს ზემდგომებმა მისცეს მითითება მონაწილეობა მიეღოთ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ აქციაში, რაც წუხილს ზრდის მმართველი პარტიის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით“ - წერია საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ წინასწარ დასკვნაში.
როგორც OSCE/ODIHR-ის ხელმძღვანელი, ალბერტ იონსონმა განაცხადა 31 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, მისიის დამკვირვებლები თავად ესაუბრნენ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებიდან ჩამოიყვანა.
ანგარიშის მიხედვით, მათ შორის - „ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უწყვეტი უპირატესობა“ დამატებითი რეფორმების საჭიროებაზე მიუთითებს.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში დღემდე არ არის გათვალისწინებული ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - "ხმის მიცემის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავებთან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით“.
გაზრდილი პოლარიზაცია
საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ „საარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა თავდასხმითი და ნეგატიური რიტორიკის დამატებითი გამწვავებით“.
პრობლემად არის მიჩნეული ის ფაქტი, რომ „ორმა უმსხვილესმა პარტიამ არაერთგზის გააჟღერა ერთმანეთის დასრულებისკენ მიმართული მოწოდებები“, ხოლო „ნეგატიური კამპანია დაიწყო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეორგოლების საშუალებით“.
ანგარიშში მოხსენიებულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების ფაქტი - შეფასებით, რომ „პოლიტიკურ დისკურსზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა“.
ნახსენებია ასევე მისი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქციები და „მისი მოწინააღმდეგე ჯგუფების“ კონტრაქციები. ამ კონტექსტში კონკრეტულად არ არის მოხსენიებული მმართველი პარტიის მიერ 27 ოქტომბერს აქცია.
აღნიშნულმა მოვლენებმა და „ეროვნულ პოლიტიკაზე გაძლიერებულმა ფოკუსირებამ“, დამკვირვებელთა შეფასებით, „კიდევ უფრო გაამწვავა პოლიტიკური დისკურსი და კანდიდატებს შორის განხეთქილება გააღრმავა“.
დამკვირვებლებს არ გამორჩენიათ ფიზიკური დაპირისპირების გახშირებული ინციდენტები - „მათ შორის პარტიის ოფისის გარეთ დაპირისპირება და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებები“.
ანგარიშში ხაზგასმულია მედიაგარემოს „ინტენსიური“ პოლარიზაცია და მიკერძოება.
„ძირითადი კერძო ეროვნული ტელევიზიები გამოხატავდნენ ან ღია მხარდაჭერას “ქართული ოცნების“ მიმართ და უარყოფითად აშუქებდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ან პირიქით, ავლენდნენ აშკარა მიკერძოებულობას მმართველი პარტიის წინააღმდეგ“ - წერია ანგარიშში.
არჩევნების მეორე ტურს მეთვალყურეობდა OSCE/ODIHR-ის 142 მოკლევადიანი დამკვირვებელი და ევროპარლამენტის 7-წევრიანი დელეგაცია. ისინი 52 უბანში მეთვალყურეობდნენ კენჭისყრის პროცესის დაწყებას, ხმის მიცემის პროცესს - 480 უბანში, ხმების დათვლის პროცესს - 52 უბანში, ხოლო ოქმების შეჯამებას - 39 საოლქო საარჩევნო კომისიაში.